ამერიკული მედია Axios-ი ოთხ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ჰორმუზის სრუტის გახსნისთვის კოალიციის შექმნაზე მუშაობს და იმედოვნებს, რომ მსგავსი ალიანსის შექმნას ამ კვირის ბოლომდე შეძლებს.
ამას გარდა, ამერიკელი ანონიმური მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ ტრამპი განიხილავს ირანის ნავთობის ექსპორტისთვის მნიშვნელოვანი ხარგის კუნძულის დაკავებასაც, რასაც ხმელეთზე ამერიკელი სამხედროები დასჭირდება.
აქამდე ტრამპი სოციალურ ქსელში ირწმუნებოდა, რომ რამდენიმე ქვეყანა, განსაკუთრებით ისინი, რომლებსაც ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის დახურვა შეეხოთ, მზად არიან გემების გასაგზავნად. მან დახმარებისკენ მოუწოდა ჩინეთს, საფრანგეთს, იაპონიას, სამხრეთ კორეასა და დიდ ბრიტანეთს. 15 მარტს კი ტრამპმა თქვა, რომ აშშ-მ NATO-ს ქვეყნებსა და ნავთობის იმპორტიორებს, მათ შორის ჩინეთს, წაუყენა მოთხოვნები, რომ აშშ-ს ჰორმუზის სრუტის დაცვაში დახმარებოდნენ.
ჯერჯერობით საჯაროდ არც ერთ ქვეყანას გამოუთქვამს დახმარების მზადყოფნა, თუმცა, Axios-ს ანონიმურმა მაღალჩინოსანმა უთხრა, რომ ტრამპი ზოგიერთი ქვეყნისგან მხარდაჭერის გამოცხადებას ამ კვირაში ელის. თეთრი სახლი ამ კოალიციას "ჰორმუზის კოალიციას" უწოდებს.
"ამ ნავთობის უდიდესი ნაწილი ჩვენი არაა. ის სხვა ქვეყნებში მიდის. ასე რომ, თუ სურთ ეს ნავთობი და ფასების დაწევა, უნდა დაგვეხმარონ." - თქვა მედიასთან საუბარში მაღალჩინოსანმა.
ამავე წყაროების თქმით, ახლა მთავარია დახმარებისთვის პოლიტიკური მზადყოფნის უზრუნველყოფა. "ვინ რას და როდის გაგზავნის" შემდეგში დამუშავდება. ანონიმური მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ ქვეყნებს მოსთხოვენ საბრძოლო ხომალდებით, მართვისა და კონტროლის მომსახურებით, დრონებითა და სხვა სამხედრო საშუალებებით დახმარებას.
Axios-თან საუბარში ერთ-ერთმა წყარომ ახსენა, რომ ტრამპი განიხილავს კუნძული ხარგის დაკავების იდეას, რადგან ეს ირანის რეჟიმისთვის დიდი ეკონომიკური დარტყმა იქნება. თუმცა, მსგავს მოქმედებებს კუნძულზე ამერიკელი სამხედროების გადასხმა დასჭირდება და პასუხად თეირანმა, შესაძლოა, სპარსეთის ყურის ქვეყნების ნავთობსადენებსა და ენერგოინფრასტრუქტურას დაარტყას.
"დიდი რისკია. მაგრამ დიდი ჯილდოც იქნება. პრეზიდენტს ეს ჯერ არ გადაუწყვეტია და არ ვამბობთ, რომ გადაწყვეტს." - თქვა Axios-ის წყარომ.