ონლაინ გაცნობის აპლიკაცია Tinder-მა საბოლოოდ შეწყვიტა მუშაობა რუსეთში. ამის შესახებ მის მფლობელ კომპანიას რამდენიმე ხნით ადრე ჰქონდა დაანონსებული. აპლიკაცია ასევე გაქრა Google-ის Play Market-იდან და Apple-ის AppStore-დან.
რუსეთის მაცხოვრებლები ახლა აპლიკაციაში, ვერ იყენებენ მის ძირითად ფუნქციას, ანუ ხალხის პროფილების „გადაფურცვლას“. პროგრამა აჩვენებს მხოლოდ შეცდომის შეტყობინებას და მოგვიანებით დაბრუნების მოთხოვნას.
როგორც რუსული მედია წერს, ამავდროულად, აპლიკაცია კვლავ საშუალებას იძლევა მომხმარებლის ანგარიშის შეყვანისა, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ეს შესაძლებელია Android OS-ის მქონე მოწყობილობებზე. Tinder-ის ფუნქცია კვლავ ხელმისაწვდომია, როდესაც ჩართულია VPN.
მანამდე Match Group-მა (სერვისის მფლობელმა) გაავრცელა შეტყობინება, რომ 30 ივნისს შეჩერდება ავტომატური განახლებები Tinder-ის ფასიანი გამომწერებისთვისაც. თანხის დაბრუნება, რომელიც ნახევარწლიური და წლიური გამოწერებისთვის იქნა გადახდილი, შესაძლებელი იქნება საიტზე განთავსებული სპეციალური ფორმის საშუალებით.
მაისში Match Group-მა გამოაცხადა, რომ 30 ივნისამდე შეწყვეტს ოპერირებას რუსეთში. Match Group, Tinder-ის გარდა, ასევე ფლობს Match.com, Meetic, OkCupid, Hinge, PlentyOfFish, Ship და OurTime.