თალიბანს გენდერული დისკრიმინაციის გამო საერთაშორისო სასამართლოში კანადა, ავსტრალია, გერმანია და ნიდერლანდები უჩივლებენ. ავღანეთს, სხდომის ჩანიშვნამდე პასუხის გასაცემად ექვსი თვის ვადა მისცეს.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ICJ-ს სასამართლოში ერთი ქვეყანა მეორეს გენდერული დისკრიმინაციის ბრალდებით უჩივის.

საქმე ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის საფუძველზე განიხილება. კონვენცია გენერალურმა ასამბლეამ 1979 წელს მიიღო. ავღანეთმა კონვენციის რატიფიცირება ჯერ კიდევ 2003 წელს მოახდინა.

თალიბანის მიერ ავღანეთის მმართველობის კვლავ ხელში ჩაგდებიდან ეს ამ ტიპის პირველი სამართლებრივი ნაბიჯია. ავღანეთს მანამ, სანამ ICJ სხდომას გამართავს და, სავარაუდოდ, დროებით ზომებს მიიღებს, პასუხის გასაცემად 6 თვიანი ვადა აქვს.

ინიციატივის მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ თალიბანი სასამართლოს უფლებამოსილების აღიარებაზე უარს იტყვის ICJ-ს გადაწყვეტილებას თალიბანის მხარდამჭერი ქვეყნებისთვის შემაკავებელი ეფექტი ექნება. მოსალოდნელია, რომ ICJ-ს ხელმომწერები დაემორჩილებიან მის გადაწყვეტილებებს.

ინიციატივას მხარს უჭერს სამი  საგარეო საქმეთა მინისტრი: პენი ვონგი ავსტრალიიდან, ანნალენა ბაერბოკი გერმანიიდან და მელანი ჯოლი კანადიდან. მას ასევე მხარს უჭერს ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი კასპარ ველდკამპი.

სამართალწარმოებაში ჩართული ქვეყნების თქმით, ისინი მზად არიან გენდერული დისკრიმინაციის დასასრულებლად კეთილსინდისიერი მოლაპარაკებები აწარმოონ თალიბანთან, მაგრამ თუ საჭირო ეტაპები უშედეგოდ ჩაივლის, მოლაპარაკებების მაგიდა სასამართლოში გადაინაცვლებს.

მიმდინარე კვირაში გაეროს ერთ-ერთ ღონისძიებაზე ავღანეთში მიმდინარე მოვლენებზე მსახიობმა მერილ სტრიპმაც ისაუბრა: "ავღანეთში კატასაც კი უფრო მეტი თავისუფლება აქვს, ვიდრე ქალს. დღეს ავღანეთში ციყვს უფრო მეტი უფლება აქვს ვიდრე გოგოს, რადგან თალიბებმა აკრძალეს საზოგადოებრივი პარკები ქალებისა და გოგოებისთვის. ქაბულში ჩიტს შეუძლია სიმღერა, ქალს კი არა". - თქვა მსახიობმა.

სტრიპმა ავღანელ აქტივისტებთან და უფლებადამცველებთან ერთად ისაუბრა. მათ გაეროს  ავღანეთში ქალებისა და გოგონების უფლებების დასაცავად და აღდგენისთვის მოქმედებისკენ მოუწოდეს.

ასილა ვარდაკმა, ავღანეთში ქალთა ფორუმის ლიდერმა, თქვა, რომ სისტემა, რომელიც აღწერილია, როგორც გენდერული აპართეიდი, არაა მხოლოდ ავღანეთის საკითხი, არამედ "ექსტრემიზმის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის" ნაწილია.

მიმდინარე წლის აგვისტოში ავღანეთში თალიბანის რეჟიმმა ახალი კანონების ფარგლებში ქალებს საჯაროდ სიმღერა და კითხვა აუკრძალა.

ახალი ე.წ. "სათნოებისა და მანკიერების" კანონების მე-13 მუხლში, რომელიც ქალებს ეხება, წერია, რომ ქალებისთვის სავალდებულოა საჯარო სივრცეში ყოფნის დროს სხეული ყოველთვის დაფარული ჰქონდეთ და რომ სახის დაფარვა აუცილებელია, რათა სხვების ცდუნება თავიდან აირიდონ. მუხლში ასევე წერია, რომ ტანისამოსი ვიწრო, თხელი ან მოკლე არ უნდა იყოს.

ამასთანავე, ქალები ვალდებულები არიან არამუსლიმი მამაკაცებისა და ქალების წინაშეც თავი დაიფარონ, რათა გარყვნა თავიდან აირიდონ. ამას გარდა, ახალი კანონებით საჯარო სივრცეში ქალების მიერ სიმღერა, ხმამაღლა კითხვა ან დეკლამაციაც იკრძალება.

ცნონისთვის, ავღანეთში თალიბანმა ქალებს საჯაროდ ხმამაღლა კითხვა და სიმღერა აუკრძალა: თალიბანის უმაღლესი ლიდერის, მულა ჰიბატულა ახუნძადას თქმით, ავღანეთში ქალებს გარკვეული დანაშაულებისთვის საჯარო ჩაქოლვით დასჯიან. მან დასავლური დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლა გამოაცხადა და დაიფიცა, რომ ქალების ჩაქოლვით დასჯას მალე დაიწყებენ. ახუნძადას სიტყვებით, საერთაშორისო საზოგადოების ადვოკატირება ქალების უფლებებისთვის შარიათის იმ ინტერპრეტაციას ეწინააღმდეგება, რის დანერგვასაც თალიბანი აპირებს. 

თალიბანის თქმით, ავღანეთში ქალებს საჯარო ჩაქოლვით დასჯიან.

წყარო: ტაბულა