აშშ-ს ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონში უმაღლესმა სამხედრო სარდალმა თქვა, რომ აშშ ამჟამინდელ პირობებში დაამარცხებს ჩინეთს ტაივანის გარშემო კონფლიქტში, თუმცა აღნიშნა, რომ გამოწვევები მზარდია, რადგან ჩინეთი სწრაფად ზრდის თავის სამხედრო ძალებს.

"ამჟამად არსებული შესაძლებლობებით კონფლიქტში შეერთებული შტატები გაიმარჯვებს" - განაცხადა ადმირალმა სამუელ პაპარომ არიზონაში გამართულ მაკკეინის ინსტიტუტის ყოველწლიურ ფორუმზე

ინდო-წყნარი ოკეანის სარდლობის სათავეში ჩადგომიდან ერთი წლის თავზე, პაპარომ ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს სამხედრო ძალას სერიოზული უპირატესობა აქვს წყალქვეშა შესაძლებლობებში, აგრეთვე კოსმოსში და კოსმოსური შესაძლებლობების წინააღმდეგ მიმართული შეიარაღების კუთხით. თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ჩინეთი სამხედრო სისტემებს, მათ შორის საბრძოლო გემებს, ბევრად სწრაფად აშენებს, ვიდრე აშშ.

"ჩვენი ტრაექტორია თითქმის ყველა მნიშვნელოვანი სამხედრო კომპონენტის მხრივ არახელსაყრელია" - თქვა პაპარომ

მისი თქმით, ჩინეთი წელიწადში ორ წყალქვეშა ნავს ამზადებს მაშინ, როცა აშშ მხოლოდ 1.4-ს. გარდა ამისა, ჩინეთი ყოველწლიურად 6 საბრძოლო გემს აწყობს, მაშინ როდესაც ამერიკა მხოლოდ 1.8 გემს აშენებს.

Financial Times აღნიშნავს, რომ პაპაროს გაფრთხილება იმ ფონზე ხდება, როდესაც ჩინეთის სახალხო გათავისუფლების არმია (PLA) ტაივანის ირგვლივ წვრთნებს მნიშვნელოვნად აფართოებს.

მისმა წინამორბედმა, ადმირალმა ჯონ აკვილინომ, გასულ წელს თქვა, რომ ჩინეთის სტრატეგია იყო "მდუღარე ბაყაყის" პრინციპზეა დაფუძნებული - სამხედრო ტემპერატურის ეტაპობრივი ამაღლება იმისთვის, რომ ჩინეთისგან წამოსული საფრთხე ნაკლებად იყოს შეფასებული, სანამ უკვე ძალიან გვიან გახდება.

პაპაროს თქმით, PLA-მ მნიშვნელოვნად გააძლიერა აქტივობა მას შემდეგ, რაც ის სარდლობის პოსტზე დაინიშნა და ახლა ტაივანზე სხვადასხვა სპექტრის სამხედრო ოპერაციების წვრთნებს ატარებს.

მან განაცხადა, რომ წვრთნები მოიცავს როგორც მცირე ტაივანური კუნძულის დაკავებისთვის მზადებას, ასევე საზღვაო ბლოკადასა და კუნძულზე ფართომასშტაბიან თავდასხმას.

აშშ-სს სადაზვერვო მონაცემების მიხედვით, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა ჩინეთის არმიას დაავალა, რომ 2027 წლისთვის ტაივანზე თავდასხმის შესაძლებლობები განევითარებინა - თუმცა ადმირალმა განაცხადა, რომ ეს არ ნიშნავს, რომ ჩინეთი იმავე წელს აუცილებლად იმოქმედებს.

როდესაც ჰკითხეს, დაუჭერდნენ თუ არა ამერიკელები მხარს ტაივანის დასახმარებლად სამხედრო ჩარევას, პაპარომ აღნიშნა, რომ ისტორიულად, აშშ მოქმედებდა მაშინ, როცა საფრთხის წინაშე იდგა, ან როცა მიიჩნევდა, რომ საქმე მის მნიშვნელოვან ინტერესებს ეხებოდა.

"ისტორიის გაკვეთილია ის, რომ ყოველთვის ამბობენ - ამერიკა ბრძოლაში არ ჩაერთვება. მაგრამ გამოცდილება სხვას გვიჩვენებს" - თქვა პაპარომ.

წყარო: tabula.ge