უნგრელების 70% მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, საჭირო არაა თქვენს არჩევნებში ჩვენი ჩათრევა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უნგრელების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პოზიციის მიუხედავად, რომელმაც შესაბამისი ღია გამოკითხვა დააინიცირა.

“სხვათა შორის, ორბანის ოპოზიციამ ღია გამოკითხვა მოამზადა ყველა უნგრელისთვის. 70% მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. ანუ უნგრეთში ხალხი ჩვენ მხარესაა. თქვენ იცით, რომ მან [ორბანმა] გამოკითხვა მოამზადა - იქ ვითომ ხალხი ჩვენ წინააღმდეგაა. ის აკონტროლებდა ამ გამოკითხვას. მაგრამ არის სხვა გამოკითხვა, და იქ 70% უკრაინის მხარესაა,” - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის საკითხის წამოწევა უნგრეთში შიდა პოლიტიკურ ბრძოლას უკავშირდება.

“უბრალოდ საჭირო არაა საკუთარ არჩევნებში ჩვენი ჩათრევა. ის [ორბანი] აკეთებს ამას. იმით, რომ ევროკავშირში გვბლოკავს. საბოლოო ჯამში ეს მეთოდიკა მომგებიანი არ იქნება. რატომ? ვინაიდან ყველაფრის მიუხედავად ხალხი იქ უკრაინის მხარესაა. როგორც არ უნდა ამუშავებდეს ის [ორბანი]. რაღაც პროცენტს დაამუშავებს, მაგრამ არ შეიძლება უბრალოდ სიძულვილით მუდამ გამარჯვება,” - განაცხადა ზელენსკი.

მისი თქმით, ორბანი “ძალიან სახიფათო რაღაცებს” აკეთებს.

“ამას ვხედავთ და ყურადღებით ვადევნებთ თვალს. კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს სხვა პარტნიორებთან და ვიძლევით სიგნალს - ის, რასაც ის აკეთებს - სახიფათოა ევროკავშირისთვის,” - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, ორბანი ფიქრობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთის ეკონომიკას გააკოტრებს.

მისი თქმით, ევროკავშირის ეკონომიკური სტაგნაცია პირდაპირაა დაკავშირებული უკრაინაში მიმდინარე ომთან და ევროპიდან გაგზავნილ ფინანსურ დახმარებასთან.

„ამ უბედურმა ევროპელმა ლიდერებმა უკვე გაუგზავნეს 140 მილიარდი ევრო უკრაინას. ეს ფული რომ ევროპულ ეკონომიკაში ყოფილიყო, სტაგნაციის ნაცვლად ზრდა იქნებოდა“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.

მისი თქმით, დანაკარგი უზარმაზარია მხოლოდ უნგრეთისთვისაც.

სამ წელიწადში უნგრეთმა ომის გამო 20 მილიარდი ევრო დაკარგა. ჩვენ 10 მილიონიანი ქვეყანა ვართ. თუ ამდენი დავკარგეთ, რამდენი დაკარგეს გერმანელებმა, თავიანთი 84 მილიონიანი მოსახლით?“, - აღნიშნა ორბანმა

მისი თქმით, მთავრობა არ დაუშვებს, რომ უნგრეთს უკრაინის ინტეგრაციის დასაფინანსებლად ევროკავშირის საერთო ვალი დაეკისროს.

„ბრიუსელის ელიტას ერთად უზარმაზარი სესხების აღება სურს. თუმცა, ვალი გაკოტრებამდე მიგვიყვანს. თუ ჩვენ ისე ვისესხებთ, როგორც ახლა, როდესაც ევროპა არაკონკურენტუნარიანია, ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს ვალების მთას დავუტოვებთ. ეს არის გზა გიგანტური კოლაფსისკენ“, - აღნიშნა ორბანმა.