უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც გააკრიტიკა უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ბლოკირების გამო. ამის შესახებ პიტერ სიიარტომ სოციალურ ქსელში დაწერა.
სიიარტოს თქმით, ზელენსკი უნდა შეეგუოს იმას, რომ ყველა უნგრელს აქვს უფლება, გამოთქვას თავისი აზრი უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების საკითხზე.
„ფაქტი ფაქტად რჩება: უკრაინას სურს იმ გაერთიანებაში შესვლა, რომლის წევრებიც ჩვენ ვართ და არა პირიქით. ამიტომ, კიევმა უნდა შეარჩიოს შესაბამისი ტონი“, – დაწერა სიიარტომ.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი გააკრიტიკა. ზელენსკის თქმით, ორბანი ბლოკავს უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირში და მისი ქმედებები საფრთხეს უქმნის ევროკავშირს.
ცნობისთვის, ორბანი ფიქრობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთის ეკონომიკას გააკოტრებს. მისი თქმით, ევროკავშირის ეკონომიკური სტაგნაცია პირდაპირაა დაკავშირებული უკრაინაში მიმდინარე ომთან და ევროპიდან გაგზავნილ ფინანსურ დახმარებასთან.
„ამ უბედურმა ევროპელმა ლიდერებმა უკვე გაუგზავნეს 140 მილიარდი ევრო უკრაინას. ეს ფული რომ ევროპულ ეკონომიკაში ყოფილიყო, სტაგნაციის ნაცვლად ზრდა იქნებოდა“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.
მისი თქმით, დანაკარგი უზარმაზარია მხოლოდ უნგრეთისთვისაც.
„სამ წელიწადში უნგრეთმა ომის გამო 20 მილიარდი ევრო დაკარგა. ჩვენ 10 მილიონიანი ქვეყანა ვართ. თუ ამდენი დავკარგეთ, რამდენი დაკარგეს გერმანელებმა, თავიანთი 84 მილიონიანი მოსახლით?“, - აღნიშნა ორბანმა.