ამერიკული ქსელის Burger King-ის ტაილანდურმა ფილიალმა სწრაფი კვების მოყვარულებისთვუს მენიუში ახალი ჩიზბურგერი დაამატა, რომელიც ფუნთუშისა და 20 ნაჭერი ამერიკული ყველისგან შედგება. ამის შესახებ The Independent წერს.
სოციალურ ქსელებში ახალი ტიპის ბურგერის პოპულარიზაციისას Burger King Thailand-მა მას „ნამდვილი ჩიზბურგერი“ უწოდა. ახალი ბურგერი ჯერჯერობით შეზღუდული რაოდენობით მომზადდა.
სოციალურ ქსელებში სიახლემ მომხმარებელთა გაოცება და აღფრთოვანება გამოიწვია. ბევრი დაინტერესდა, რატომ დაამატა ეს კერძი სწრაფი კვების ქსელმა.
ფუდბლოგერმა რიჩარდ ბაროუმ, რომელმაც ახალი ჩიზბურგერი თავად დააგემოვნა, განმარტა, რომ ეს ბურგერი არის ახალი „ტენდენციის“ ნაწილი ტაილანდში, სადაც ბოლო დროს ყველაფერზე ყველის დადება მოდად იქცა.
„მე მიყვარს ყველი, მაგრამ ამ „ბურგერის“ ნახევარიც კი არ მიჭამია“, - აღიარა ბლოგერმა.
The Independent-თან საუბრისას, Burger King-ის სპიკერმა დაადასტურა, რომ უჩვეულო ჩიზბურგერი, რომელიც მხოლოდ ოთხი დღის განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი, ტაილანდის ფარგლებს გარეთ Burger King-ის არცერთ რესტორანში არ გაიყიდება.