სომხეთი აშშ-სთან TRIPP-ის, ანუ „ტრამპის მარშრუტის“ პროექტისთვის სატრანსპორტო დერეფნის იჯარით გაცემის ორ სცენარს განიხილავს, რომელთაგან ერთი 49-წლიან, ხოლო მეორე 99-წლიან ხელშეკრულებას გულისხმობს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რასაც ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მისი თქმით, ამაზე ნაკლები ვადის მქონე პროექტში ინვესტორი ინვესტიციას არ ჩადებდა.
პრემიერი ამბობს, რომ სომხეთი ამ პროექტით ფინანსურ-ეკონომიკური თვალსაზრისით არის დაინტერესებული და ინიციატივას პოლიტიკური კომპონენტი არ აქვს. ფაშინიანის ცნობით, “ტრამპის დერეფნის” პროექტი რამდენიმე რკინიგზას, ელექტროგადამცემ ხაზებს, სხვა სატრანსპორტო კავშირებს, გზებსა და მილსადენებს, მათ შორის, გაზსადენებს, ნავთობსადენებსა და კაბელებს გააერთიანებს.
პრემიერი ამბობს, რომ რკინიგზის შემთხვევაში უკვე დანამდვილებით ცნობილია, თუ სად გაივლის ის და ეს სომხეთის სამხრეთ რკინიგზაა, რომელიც საბჭოთა პერიოდში პირობითად ნრნაძორ-ყარჩევანის მონაკვეთებზე არსებობდა. ამის შეახებ, პრემიერის თქმით, „მსოფლიოს გზაჯვარედინის“ სომხურ პროექტშიც წერია, რომლის საფუძველზეც ეს მონაკვეთი აშენდება და აღდგება.
თუმცა ფაშინიანი ერთ ფაქტორზე უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ დერეფნის რელიეფი, თუნდაც რკინიგზისთვის, საკმაოდ შეზღუდულია და ამიტომ იქ ყველანაირი ინფრასტრუქტურის მოწყობა და ყველა პროექტის განხორციელება შეუძლებელია, რაც “ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის საკითხია.”
ამასთან, ფაშინიანი ცალსახად და მკაფიოდ შენიშნავს, რომ სომხურ ინსტიტუტებს ამ ტერიტორიებთან დაკავშირებით რაიმე ფუნქციური შეზღუდვა არ ექნებათ.
მისი ცნობით, „ტრამპის მარშრუტის“ მშენებლობა 2026 წლის მეორე ნახევარში დაიწყება.
42-კილომეტრიანი სატრანსპორტო საკომუნიკაციო სისტემა სამხრეთ სომხეთში, სიუნიქის რეგიონში გაივლის. პროექტის მთავარი მიზანი აზერბაიჯანსა და მის ანკლავ ნახიჩევანის ავტონომიურ ოლქს შორის სატრანსპორტო კავშირების განბლოკვაა. თავის მხრივ, სომხეთი შეინარჩუნებს სუვერენიტეტს თავის ტერიტორიაზე, თუმცა შესაბამისი ლიცენზიის მიღების შემდეგ მარშრუტის მმართველი კერძო ამერიკული კომპანია იქნება.
ცნობისთვის: 8 აგვისტოს, ვაშინგტონში სომხეთის, აშშ-ისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ. დოკუმენტის თანახმად, სომხეთი შეერთებულ შტატებს 99 წლით ექსკლუზიურ გრძელვადიან უფლებებს სომხური კანონმდებლობის ფარგლებში ანიჭებს იმ მარშრუტის განვითარებისთვის, რომლითაც აზერბაიჯანი ნახიჩევანთან სახმელეთო კავშირის დამყარებას შეძლებს. ამერიკული მხარე მიწის ქვეიჯარით გაცემას კონსორციუმზე გეგმავს, რომელიც ინფრასტრუქტურასა და მართვაზე იქნება პასუხისმგებელი.