გერმანული კომპანია Siemens აგრძელებს თავისი ტექნოლოგიების რუსეთიდან გაყვანას. ამჯერად, უახლესი ევროპული ტექნოლოგიების გარეშე დარჩა სარაკეტო და კოსმოსური ინდუსტრიის საწარმო, რომელიც Роскосмос-ის შემადგენლობაში შედის. ინფორმაციას Tadviser ავრცელებს.

კომპანიამ დაკარგა Siemens-ის ტექნოლოგიები საინჟინრო ანალიზისთვის. თავად რუსული ცენტრის ხელმძღვანელობაც კი აღიარებს, რომ მათ საქმიანობას პროგრამული უზრუნველყოფის ნაკლებობამ მძიმე დარტყმა მიაყენა.

Siemens-ის ტექნოლოგიების გარეშე საწარმომ Proton და Angara-ს რაკეტების სრულფასოვანი წარმოების შესაძლებლობა დაკარგა.

ცენტრს ჰქონდა იმპორტირებული პროგრამული უზრუნველყოფის მთელი სპექტრი, მათ შორის გერმანული კომპანიის სისტემები. მისი ფუნქციონირების გარეშე საწარმოს მუშაობა შეუძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ უკვე აცხადებენ, რომ თითქოს შესაძლებელია რუსული წარმოების ტექნოლოგიებით „იმპორტის ჩანაცვლება“. გლობალური სანქციების გამო რუსეთს არ აქვს წვდომა თანამედროვე, მათ შორის ევროპულ პროდუქტებზე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, Siemens-მა 2022 წლის 12 მაისს განაცხადა, რომ კომპანიამ შეაჩერა ყველა ახალი ბიზნესი და პროდუქციის მიწოდება რუსეთსა ბელორუსიაში.