შვედეთის მთავრობა სასწავლებელში მომხდარი სროლის შემდეგ, იარაღზე კონტროლის გამკაცრებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

4 თებერვალს ქალაქ ერებრეში ზრდასრულთა საგანმანათლებლო ცენტრში 35 წლის მამაკაცმა ცეცხლი გახსნა და 10 ადამიანი მოკლა, რის შემდეგაც თავი მოიკლა. გარდაცვლილებს შორის არის სირიიდან ლტოლვილი რამდენიმე ქრისტიანი.

პოლიციაში აცხადებენ, რომ თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

მთავრობა პარლამენტში ულტრამემარჯვენე მომხრეებთან ერთად შეთანხმდა, რომ გაამკაცრებს იმ პირების შემოწმებას, რომლებიც ცეცხლსასროლი იარაღის ლიცენზიის მისაღებად განაცხადს წარადგენს. მთავრობა ასევე აპირებს, აკრძალოს ნახევრად ავტომატური იარაღის ზოგიერთ სახეობა, მათ შორის AR-15-ის ტიპის შაშხანა.

„ერებრეში საშინელი თავდასხმის ფონზე, ჩვენ გვჯერა, რომ სწორი ბალანსი იქნება მსგავსი ტიპის იარაღის აკრძალვა. ჩვენ ვიცით, რომ მსგავსი იარაღი, გარკვეული ცვლილებებით შეიძლება, გახდეს ძალიან საშიში და ეს იარაღი გამოიყენებოდა ამგვარი თავდასხმებისას სხვა ქვეყნებში“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, გუნარ სტრომერმა.

ინიციატივას მიესალმა შვედეთში მთავარი ოპოზიციური „სოციალ-დემოკრატიული პარტია“. ამასთან, სოციალ-დემოკრატები უფრო მასშტაბურ შემოწმებასა და კონტროლის მოწოდებით გამოვიდნენ.

წყარო: 1 არხი