შვედეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანა გახდა, სადაც მოსახლეობის 5%-ზე ნაკლები ეწევა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ამ მაჩვენებელს საკმარის საფუძვლად მიიჩნევს ქვეყნის თამბაქოსგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადებისთვის – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს. 

შვედეთმა ამ შედეგს საერთო ევროპულ მიზანზე 15 წლით ადრე მიაღწია – ევროკავშირი „თამბაქოსგან თავისუფალი თაობის“ დონესთან მიახლოებას მხოლოდ 2040 წლისთვის ელოდება.

შვედეთის ალკოჰოლისა და ნარკოტიკების საბჭოს (CAN) მონაცემებით, 1980-იანი წლების დასაწყისში შვედების 30%-ზე მეტი ეწეოდა. მას შემდეგ სიგარეტმა პოპულარობა დაკარგა. ამას ხელი შეუწყო სიგარეტზე მაღალმა გადასახადებმა – მათი წყალობით, შეფუთვის ღირებულება 2003 წლიდან 45%-ით გაიზარდა.

გარდა ამისა, ქვეყანა რეგულარულად ატარებს საინფორმაციო კამპანიებს მოწევის საფრთხეების შესახებ.

ყველაზე ნაკლებად ეწევიან 16-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდები – მხოლოდ 2%.

ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით, შვედეთის შედეგები განსაკუთრებით შთამბეჭდავია. მოწევასთან დაკავშირებული ყველაზე მძიმე მდგომარეობა ბულგარეთშია, სადაც 15 წელს გადაცილებული მოსახლეობის თითქმის მესამედი ეწევა.