ევროკავშირმა ცენტრალურ აზიაში მდგრადი სატრანსპორტო კავშირების შესახებ კვლევის წინსწარი შედეგები გამოაქვეყნა. მისი მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. კვლევის მიზანს ასევე წარმოადგენდა ქსელის განვითარებისთვის ძირითადი ქმედებების შეთავაზება, მათ შორის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მიმართულებით.

გეოგრაფიულად, კვლევა შეაფასებს არსებულ და პოტენციურ ახალ დერეფნებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ყველაზე მდგრად სატრანსპორტო კავშირებს შუა აზიის ხუთ რესპუბლიკას შორის (ყირგიზეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) და ასევე კავშირებს ევროკავშირის ტრანსევროპულ ტრანსპორტთან.

ქსელი მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში.

ევროკავშირის შეფასებით, კვლევაში ასახული დასკვნები ხელს შეუწყობს ცენტრალურ აზიაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაგეგმვისა და განვითარების გამჭვირვალე ქმედებების იდენტიფიკაციას და პრიორიტეტიზაციას, რომელიც მდგრადობის მკაცრ კრიტერიუმებს, მათ შორის გარემოსდაცვით, სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ფინანსურ და ფისკალურ ასპექტებს ეფუძნება.

ამასთან, ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ შედეგები ასევე ხელს უწყობს დაინტერესებული მხარეების საინვესტიციო შესაძლებლობების იდენტიფიცირებას, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს (IFIs) და კერძო სექტორს.

კვლევის განმავლობაში კონსულტაციები გაიმართა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის სამთავრობო ორგანოებთან ცენტრალური აზიის თითოეულ ქვეყანაში, ასოციაციებთან და კერძო სექტორთან ცენტრალურ აზიაში, ევროპაში, კავკასიაში, თურქეთში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში.

ქსელის განვითარება მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს რეგიონს: 1) უფრო ძლიერი რეგიონული კოორდინაცია, რაც გამოიწვევს ერთიან ტარიფებს და ერთიანი დერეფნის მართვის მიდგომას, 2) გაზრდილი კავშირი ეკონომიკურ ცენტრებს შორის, რაც გამოიწვევს უფრო მაღალ რეგიონულ და საერთაშორისო ღირებულების ჯაჭვს. 3) საზღვრის გადაკვეთის გაუმჯობესებული პრაქტიკა, ტრანზაქციის ხარჯების შემცირება და პროცედურების მომხმარებელთა მოხერხებულობის გაზრდა, 4) გაძლიერებული გრძელვადიანი დაგეგმვა, პროექტის პრიორიტეტებისა და განხორციელების გაუმჯობესება, 5) უკეთესი გარემოსდაცვითი შედეგები.

მთლიანად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა.

ეს ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, სასაზღვრო 6 გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ხუთივე ქვეყანაში. საბოლოო ანგარიში 2023 წლის ივნისის ბოლოს გამოქვეყნდება.

კვლევას, რომელსაც ევროკომისია აფინანსებს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ახორციელებს.