„საქართველოს ტალანტები ჰყავს“, – ასე გამოეხმაურა საფრანგეთის ლიგა 1-ის ოფიციალური გვერდი ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლას. ჩემპიონატის გვერდზე მისი და გიორგი მიქაუტაძის ფოტო გამოქვეყნდა.

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლის შესახებ ოფიციალური განცხადების გავრცელება დღესაა დაგეგმილი. ქართველი ფეხბურთელი ფრანგულ კლუბს 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება.

Le Parisien-ის ცნობით, ის სამედიცინო შემოწმებას 17 იანვარს გაივლის და „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტს 2029 წლამდე გააფორმებს. კვარაცხელიამ „ნაპოლის“ თანაგუნდელებს ოთხშაბათს დაემშვიდობა, ხოლო პარიზში ხუთშაბათს გაემგზავრა.

ტრანსფერის შესახებ ოფიციალური განცხადება, სავარაუდოდ, ლუის ენრიკეს პრესკონფერენციის შემდეგ გაკეთდება, რომელიც პარასკევს, თბილისის დროით 16:00 საათზე გაიმართება. ხვიჩა კვარაცხელია ლიგა 1-ის მე-18 ტურის მატჩში „ლანსის“ წინააღმდეგ მონაწილეობას ვერ მიიღებს. ასევე, ის გამოტოვებს ჩემპიონთა ლიგის ორ მატჩს – 22 იანვარს „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ და 29 იანვარს „შტუტგარტის“ წინააღმდეგ. მისი დებიუტი „პარკ დე პრენსზე“ 25 იანვარს „რეიმსთან“ შეხვედრაშია მოსალოდნელი.

გავრცელებული ინფორმაციით, პარიზულ გუნდში ხვიჩა კვარაცხელია სავარაუდოდ 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

პირველი არხი