დასავლეთთან კავშირების გაწყვეტის ფონზე, ვლადიმერ პუტინის მმართველობის პერიოდში რუსეთი სრულად გარდაიქმნა ჩინეთის „უმცროს პარტნიორად“. პეკინი ფრთხილად, თუმცა დაჟინებით მანიპულირებს მოსკოვით საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ. The Wall Street Journal-ის (WSJ) ახალი ანგარიში, რომელიც ორივე ქვეყნის მაღალჩინოსნებსა და ანალიტიკოსებთან ინტერვიუებს ეყრდნობა, აჩვენებს, რომ ჩინეთი უკვე აქტიურად ამყარებს კავშირებს რუსეთის მმართველ კლასთან და ემზადება იმ პერიოდისთვის, როდესაც პუტინი ხელისუფლებაში აღარ იქნება. პოსტ-პუტინისტური ელიტის „ვერბოვკა“ WSJ-ის მონაცემებით, პეკინი აღარ იფარგლება მხოლოდ პუტინთან და მის უახლოეს გარემოცვასთან მეგობრობით. ჩინეთი ურთიერთობებს აგებს საშუალო რგოლის ჩინოსნებთან და ელიტის იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც რუსეთის მომავალს პუტინის წასვლის შემდეგ განსაზღვრავენ. რუსეთის სპეცსამსახურებთან დაახლოებული წყარო იუწყება, რომ ქვეყანაში სულ უფრო ხშირად ვლინდება ჩინური ჯაშუშობისა და ჩინოსნების გადაბირების შემთხვევები, თუმცა მოსკოვი ამ ინფორმაციას საიდუმლოდ ინახავს, რადგან პეკინთან ურთიერთობის გაფუჭების ეშინია. „გიგანტური პაკისტანი“: დამოკიდებულების ახალი ხარისხი ბერლინის კარნეგის ცენტრის დირექტორი, ალექსანდრე გაბუევი მიიჩნევს, რომ ჩინეთს აქვს შანსი, რუსეთი თავისებურ „გიგანტურ ლაოსად“ ან „გიგანტურ პაკისტანად“ აქციოს — ქვეყნად, რომელიც სრულად არის დამოკიდებული პეკინზე, მასთან მყარად არის დაკავშირებული და ჩინეთს აღიქვამს თანამედროვეობის ნიმუშად. პეკინი აიძულებს მოსკოვს, იმოქმედოს მისი ინტერესების შესაბამისად იმ რეგიონებშიც კი, რომლებსაც პუტინი ტრადიციულად რუსეთის გავლენის სფეროდ მიიჩნევდა. მაგალითად, ცენტრალურ აზიაში პუტინი იძულებული გახდა დაეთმო პოზიციები და დათანხმებულიყო შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) განვითარების ბანკში იუანის ძირითად ვალუტად გამოყენებაზე. ეკონომიკური ასიმეტრია და „ნედლეულის დანამატი“ რუსეთი ჩინეთისთვის ნედლეულის დანამატად რჩება, რომელიც მას ნავთობსა და გაზს დიდი ფასდაკლებით აწვდის. 2013 წლიდან დღემდე ჩინეთის წილი რუსეთის სავაჭრო ბრუნვაში 10%-დან 40%-მდე გაიზარდა, მაშინ როცა რუსეთის წილი ჩინეთის ვაჭრობაში 4%-ზე ნაკლებია. პეკინი მკაცრად იცავს საკუთარ ეკონომიკურ ინტერესებს, რაც ყველაზე ნათლად გაზსადენ „ციმბირის ძალა 2“-ის (Сила Сибири – 2) ისტორიაში გამოჩნდა: 2025 წლის სექტემბერში „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა თითქოს „გარღვევა“ დაანონსა, თუმცა პეკინმა ამაზე დუმილი არჩია. 2026 წლის მაისში მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ჩინურმა მხარემ მილერს მკაფიოდ განუცხადა: გაზსადენი აშენდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გაზს შიდა რუსულ, სუბსიდირებულ ფასად მიჰყიდის ჩინეთს. ჩინელმა ჩინოსნებმა რუსებს მიუთითეს, რომ ეს საკითხი საერთოდ აღარ დააყენონ, სანამ პეკინის პირობებს არ დათანხმდებიან. რატომ არ ჩქარობს ჩინეთი? ანალიტიკოსების აზრით, ჩინეთს ახალი გაზსადენის აშენების არანაირი ეკონომიკური ინტერესი არ აქვს. მსოფლიოში თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) ჭარბი წარმოებაა, თავად ჩინეთი კი მწვანე ენერგეტიკაზე გადადის და იმპორტირებულ გაზზე მოთხოვნის პიკს 2030-იანი წლების შუა პერიოდში ელოდება. „სი ძინპინმა პუტინი ისე მიიღო, როგორც იმპერატორი იღებს სტუმარს თავის ციხესიმაგრეში და სახლში ხელცარიელი გაუშვა“, — აცხადებს გერმანელი ბიზნესმენი იორგ ვუტკე. ჩინეთის სტრატეგია მარტივია: დაელოდოს რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებას, სანამ მოსკოვი მუხლებზე დაჩოქილი არ დათანხმდება პეკინის ნებისმიერ პირობას. ანალიტიკური მასალა მომზადებულია The Wall Street Journal-ისა და კარნეგის ცენტრის მონაცემების საფუძველზე.