ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა, რომლის სათავო ოფისი  ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში მდებარეობს,  მგზავრთა გადასახადების ზრდის გამო 2023/2024 წლის ზამთრისთვის ქალაქის აეროპორტის გავლით ფრენების რაოდენობის შემცირება დააანონსა.

The Independent-ის ცნობით,  ავიაკომპანიამ  დუბლინის გავლით  ჯამში 17 მარშრუტი გააუქმა  და 19 თვითმფრინავი გადაიყვანა ევროპის ალტერნატიულ აეროპორტებში უფრო ხელსაყრელი პირობებით. ამგვარად, Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორის ედი უილსონის თქმით, დუბლინის აეროპორტის გავლით მგზავრების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 10%-ით შემცირდება.

განცხადებაში Ryanair-მა განმარტა, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო  დუბლინის აეროპორტის ოპერატორი კომპანიის DAA-ის მხრიდან „ჯერ ისედაც  გადაჭარბებული სამგზავრო გადასახადების  დამცინავად კიდევ 45%-ით გაზრდის გამო“.

ავიაკომპანიას მიაჩნია, რომ საფასურის გაზრდის ნაცვლად, აეროპორტის ოპერატორმა კომპანიამ უნდა შემოიტანოს მომგებიანი გარემოსდაცვითი წახალისების სქემა, რომელიც დააჯილდოებს დაბალი ემისიების მქონე თვითმფრინავებს, როგორც ამას სხვა ევროპული აეროპორტები აკეთებენ.

Ryanair-მა DAA-ი აეროპორტის ცუდი მენეჯმენტისთვისაც გააკრიტიკა და ზაფხულში უსაფრთხოების პერსონალის ნაკლებობასა და  ცუდად გააზრებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადასახადის გადამხდელთა ფულის ფლანგვაში დაადანაშაულა.

ამავდროულად, ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ 19 თვითმფრინავი, რომელსაც იგი დუბლინის აეროპორტიდან ევროპის სხვა ქვეყნებში გადაიყვანს  (კერძოდ, საუბარია ლონდონის ლუტონის აეროპორტზე, ასევე იტალიისა და ესპანეთის ქალაქებზე) მისი „ეკოლოგიურად სუფთა“ თვითმფრინავი Boeing 737 8200  Gamechanger“  ფლოტის ნაწილია, რომელიც ხმაურს 40%-ით და CO2-ის გამოყოფას 16%-ით ამცირებს, ხოლო თითო ფრენაზე 4%-ით მეტ მგზავრს ატარებს.

ამავდროულად, უილსონმა იწინასწარმეტყველა დუბლინის გავლით ავიაბილეთების ფასების ზრდა, რადგან ეს მიმართულება ბოლო წლებში სულ უფრო პოპულარული ხდება უცხოელ ტურისტებსა და მიგრანტებში: „სადაც რაღაც მცირე რაოდენობითაა და მოთხოვნაა, ფასები იზრდება“.