რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „როსნეფტსა“ და ინდოეთის კერძო ნავთობგადამამუშავებელ კომპანია Reliance-ს შორის შედგა შეთანხმება დღიურად დაახლოებით, 500 ათასი ბარელი ნედლი (crude) ნავთობის მიწოდების თაობაზე.

აღნიშნულის შესახებ Reuters-ს სამ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომლებიც შეთანხმების შესახებ ცნობებს ფლობენ.

ამრიგად, ზემოხსენებული შეთანხმება ორ ქვეყანას შორის არსებულ ყველაზე დიდ ენერგეტიკულ გარიგებად იქცა, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო მეტად ამყარებს ინდოეთ-რუსეთის ურთიერთობებს, იმ ფონზე, რომ ეს უაკანსკნელი უკრაინაში შეჭრის შემდეგ დასავლეთის მკაცრი სანქციების ქვეშ იმყოფება.

როგორც ცნობილია, მხარეთა შორის დადებული 10-წლიანი შეთანხმება გლობალური მიწოდების 0,5%-ს მოიცავს და მისი ღირებულება (დღევანდელი ფასებით) წელიწადში 13 მლრდ აშშ დოლარია.

შემდგარ შეთანხმებაზე „როსნეფტს“ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. რაც შეეხება ინდურ Reliance-ს, კომპანიაში განაცხადეს, რომ ისინი მუშაობენ საერთაშორისო მიმწოდებლებთან, მათ შორის რუსეთიდან და მათი გარიგებები საბაზრო პირობებს ეფუძნება. აქვე, ხელშეკრულების კონფიდენციალურობის მოტივით დამატებითი ინფორმაციის გაცემაზე Reliance-ში უარი განაცხადეს.

ეს გარიგება წინ უსწრებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაგეგმილ ვიზიტს ინდოეთში.

აღსანიშნავია, რომ რუსული ნავთობი ინდოეთის ენერგეტიკული იმპორტის მესამედზე მეტს შეადგენს. ინდოეთი რუსული ნედლი ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორი გახდა მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა, უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, რუსული ენერგოპროდუქტების იმპორტზე სანქციები დააწესა. თავის მხრივ, ოფიციალურ დელის რუსულ ნავთობზე სანქციები არ დაუწესებია და ადგილობრივი სანავთობე კომპანიები შედარებით იაფ ნავთობს უწყვეტად იღებენ.

„როსნეფტსა“ და Reliance-ს შორის დადებული გარიგება გამოწვევა იქნება სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის საუდის არაბეთისთვის, რადგან ნავთობის მწარმოებლებს შორის კონკურენცია ინდოეთის ბაზრის წილის მოსაპოვებლად მწვავეა. ცნობილია, რომ ინდოეთი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ენერგეტიკული ბაზარია.

ბიზნესპრესნიუსი