რუსეთის ფედერაციის მთავრობამ, ბიუჯეტის დეფიციტის გამო, 2023 წელს შიდა ფრენების სუბსიდიები 9 მილიარდიდან 7,5 მილიარდ რუბლამდე შეამცირა (120 მილიონი დოლარიდან 98 მილიონ დოლარამდე). ამის შესახებ Известия წერს.
ამ მიზეზით, ავიაკომპანიები მასიურად წყვეტენ რუსეთში შიდა ფრენებს. გაუქმებულია ფრენების უმეტესობა ომსკის და ტიუმენის რეგიონებში, თათრეთის რესპუბლიკაში, სანკტ-პეტერბურგში, დაღესტანსა და ჩრდილოეთ ოსეთში.
2022 წელს 9 მილიარდი რუბლი რეგიონული ფრენების მხარდასაჭერად გამოიყო, მაგრამ საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ თანხების ნაწილი სხვა მიზნებისთვის გადაანაწილა.
მანამდე რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ, 2023 წლის ზაფხულის სეზონზე, სატრანსპორტო სუბსიდიების შემცირების გამო, შიდა ფრენების ავიაბილეთების ღირებულების 15-30%-ით შესაძლო გაზრდის შესახებ გამოაცხადა.