რუსული ოქროს მთავარი მყიდველები 2022 წელს არაბთა გაერთიანებული საამიროები, ჩინეთი და თურქეთი იყვნენ, ამის შესახებ Reuters-ი საბაჟო დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.

არაბთა გაერთიანებული საამიროები (UAE) რუსული ოქროთი ვაჭრობის საკვანძო ცენტრად იქცა უკრაინაში ომის დაწყებისა და დასავლეთის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ. წერს Reuters-ი.

სააგენტოს ცნობით, 2022 წელს არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა 4,3 მლრდ დოლარის ღირებულების 75,7 ტ. რუსული ოქრო შემოიტანა, შედარებისთვის: 2021 წელს რუსეთმა ამ ქვეყანაში 1,3 ტონა ოქრო გაიტანა. რუსეთიდან ოქროს ექსპორტის უმსხვილესი მიმართულებები იყო ჩინეთი და თურქეთიც, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 3 მარტამდე თითოეულმა დაახლოებით 20 ტონა ოქრო იყიდა რუსეთისგან, წერს Reuters-ი.

მთლიანობაში, Reuters-ის მოყვანილი მონაცემების მიხედვით, ამ პერიოდში რუსეთმა 116,3 ტონა ოქრო გაიტანა და ძვირფასი ლითონის ექსპორტის 99,8% სწორედ ამ სამ ქვეყანას მოიცავდა.

არაბეთის გაერთიანებული საამიროების სამთავრობო კომიტეტმა განაცხადა, რომ ქვეყანას აქვს მექანიზმები უკანონო საქონლის, ფულის გათეთრებისა და სანქცირებული სუბიექტების წინააღმდეგ და პირობა დადო, რომ გააგრძელებს „ღია და პატიოსნად ვაჭრობას თავის საერთაშორისო პარტნიორებთან საერთაშორისო ნორმების შესაბამისად". თურქეთის ფინანსთა სამინისტრომ არ უპასუხა Reuters-ის მოთხოვნას, ხოლო ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის თანამშრომლობას რუსეთთან „არ უნდა დაემუქროს რაიმე საფრთხე ან არ უნდა ჰქონდეს ადგილი რომელიმე მესამე მხარის ჩარევას.“

მაისის დასაწყისში Bloomberg-მა ImportGenius-ზე დაყრდნობით დაწერა, რომ რუსეთი ოქროს ყიდდა არაბთა გაერთიანებული საამიროების, ჰონკონგისა და თურქეთის მეშვეობით. სააგენტოს ცნობით, 2022 წლის მარტიდან აგვისტომდე 500 მლნ დოლარის ძვირფასი ლითონი ექსპორტირებული იყო საამიროებში, ხოლო დაახლოებით 305 მლნ აშშ დოლარის თურქეთში. რაც შეეხება ჩინეთს, ჰონკონგურმა კომპანია VPower Finance Security Ltd.-მ, რომელიც ფულისა და ოქროს ტრანსპორტირებას ახორციელებს ჩინეთის მსხვილი ბანკებისთვის, 2022 წლის მარტიდან აგვისტომდე 300 მლნ დოლარის ღირებულების რუსული ოქროს ყიდვის ოპერაცია განახორციელა.