2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, რუსეთმა აპრილში წინა თვეებთან შედარებით, ყველაზე მეტი ნავთობის ექსპორტი მოახდინა. ნედლი ნავთობის ექსპორტის თითქმის 80% მოდის ჩინეთსა და ინდოეთზე. ამის შესახებ Financial Times-ი ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ანგარიშზე დაყრდნობით წერს.

აპრილში, რუსული ნავთობის ექსპორტი დღეში კიდევ 50 000 ბარელით გაიზარდა და, ინვაზიის შემდგომ, მაქსიმუმს 8,3 მილიონ ბარელს მიაღწია, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2022 წლის საშუალოდ 7,7 მილიონს და 2021 წლის 7,5 მილიონი ბარელს დღეში.

„მომარაგების ზრდა განაპირობა მოსკოვის წარმატებამ ნავთობის ახალი მყიდველების პოვნასა და ახალი გემების მოძიებაში, რადგან ევროპამ რუსული ნავთობის იმპორტი დაბლოკა. მას შემდეგ, რაც გასულ წელს დასავლეთი რუსეთს პირველად დაემუქრა სანქციებით, მოსკოვი თანამშრომლობს გაურკვეველ სავაჭრო კომპანიებთან და ტანკერების მფლობელებთან, რათა განავითაროს ახალი სისტემები მისი ნავთობის ტრანსპორტირებისთვის“, - ნათქვამია IEA-ს ყოველთვიურ ანგარიშში.

ევროკავშირი ამჟამად განიხილავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტს. ამ დრომდე ევროკავშირმა დააწესა სანქციები 1473 რუს ფიზიკურ და 207 იურიდიულ პირზე და ასევე გაყინა 21,5 მილიარდი ევრო რუსული აქტივები.

თუმცა, ეს ზომები ისე იყო შემუშავებული, რომ რუსული ნავთობის გადინების საშუალება ევროკავშირის გარეთ ქვეყნებში შესაძლებელი იყო. ამას შედეგად მოჰყვა ისტორიაში სავაჭრო ნაკადების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცვლილება: ბოლო 12 თვის განმავლობაში რუსეთმა დღეში მილიონობით ბარელი ნავთობი გადაიტანა ევროპიდან აზიაში.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა უფრო მეტი ნავთობი გაყიდა, ვიდრე 2022 წლის აპრილში, IEA-მ შეაფასა, რომ ნავთობის ექსპორტის ყოველთვიური შემოსავალი 27%-ით  ნაკლები იყო, ვიდრე წარსულში. ამის მიზეზი ნაწილობრივ გლობალური ენერგიის ფასების შემცირების გამო.