პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემაში არ დაბრუნდებიან, - ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ. 

მართალია, ამ ეტაპზე, ევროკავშირი SWIFT-ის სანქციის გაუქმებას არ აპირებს, თუმცა, ფინანსისტები, პოლიტოლოგები და კონფლიქტოლოგები არ გამორიცხავენ, დონალდ ტრამპის კოორდინაციით, ეს საკითხი პუტინთან მოლაპარაკებებში დაყოლიების ერთ-ერთი ბერკეტი გახდეს. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ტრამპმა, რუსეთ-უკრაინის შეთანხმების სანაცვლოდ, ევროკავშირს SWIFT-ის შეზღუდვა გააუქმებინოს.

ცნობისთვის, ცეცხლის შეწყვეტის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად კრემლი SWIFT-ის  სისტემაში Russian Agricultural Bank-ის დაბრუნებას აყენებს. ეს ბანკი აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო ბაზარზე რუსული სურსათით ვაჭრობის პროცესში. ევროკავშირის ზოგიერთი სახელმწიფო კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ ინიციატივას, მათ შორისაა საფრანგეთი, რომელიც ამ ეტაპზე SWIFT-ში რუსული ბანკების დაბრუნებას გამორიცხავს.