ტალინში ვიზიტით მყოფმა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთს არასდროს უცდია რუსეთთან ურთიერთობების გამწვავება.
ბოლო წლებში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არაერთი კონფლიქტი მოხდა. გასული წლის სექტემბერში მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის შეტევამ რეგიონში მცხოვრები 100 000 მოსახლე აიძულა, თავისი საცხოვრებელი ადგილიდან გაქცეულიყო. ერევანი მოსკოვისგან უსაფრთხოების გარანტიებს ელოდა, მაგრამ მისი მიღება ვერ შეძლო.
გასულ თვეში სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ სამშვიდობო ხელშეკრულების პირობებზე, რაც შესაძლებელს ხდის, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაწყებული და ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი საბოლოოდ დასრულდეს.
გასული წლის განმავლობაში, ერევანმა გააძლიერა კონტაქტები შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კრისტენ მიხალთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ფაშინიანს ჰკითხეს, მზად არის თუ არა სომხეთი და შეუძლია თუ არა მას, მთლიანად განთავისუფლდეს მოსკოვის გავლენისგან.
„ამის შესახებ მსურს ძალიან მკაფიოდ ვისაუბრო, რადგან სომხეთში ეს თემა შეიძლება ძალიან განსხვავებულად იქნას განმარტებული და რეალობა კარგად ვერ აისახოს“, - განუცხადა ფაშინიანმა შეკრებილ მედიას.
„ჩვენ არ გვქონია რუსეთთან ურთიერთობების გამწვავების განზრახვა. ლოგიკიდან გამომდინარე, უფრო გონივრული იქნება კარგი ურთიერთობების შენარჩუნება ყველა საერთაშორისო პარტნიორთან. ჩვენ გვინდა ურთიერთობების მოწესრიგება და ნორმალიზება რეგიონის ყველა ქვეყანასთან - ჩვენ გვინდა აზერბაიჯანთან ურთიერთობების ნორმალიზება, ჩვენ ასევე გვინდა თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზება“.
თავის მხრივ, მიხალი იმედოვნებს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება მალე გაფორმდება.
მიხალი: რეფორმები სასარგებლოა თქვენი ხალხისთვის
პრემიერ-მინისტრებმა ევროკავშირში სომხეთის გაწევრიანების საკითხზეც იმსჯელეს. როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ ერევანმა მიიღო კანონი, რომელმაც ევროკავშირში სომხეთის გაწევრიანების დაწყებას უნდა შეუწყოს ხელი.
მიხალმა კოლეგას რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდა.
„თქვენ მტკიცედ აირჩიეთ ევროკავშირთან ურთიერთობების განმტკიცების გზა. ესტონეთი მხარს გიჭერთ ამაში. მიიღეთ მაქსიმალური სარგებელი ამ პროცესიდან. რეფორმებს ხელშესახები სიკეთე მოაქვს, პირველ რიგში, საკუთარი ხალხისთვის. ამას ჩვენი 20-წლიანი გამოცდილებაც ადასტურებს“, - აღნიშნა მან.
მიხალმა და ფაშინიანმა ასევე განიხილეს სომხეთის ეკონომიკური წინსვლის, განათლების სისტემის ხელშეწყობისა და ციფრული განვითარების საკითხები.
ესტონეთში ვიზიტის დროს, ფაშინიანი, კრისტენ მიხალის გარდა, შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტ ალარ კარისს, რიიგიკოგუს (პარლამენტის) სპიკერ ლაური ჰუსარს და საგარეო საქმეთა მინისტრ მარგუს ცაჰკნას.
წყარო: 1 არხი