რუსეთში კიდევ ერთმა დიდმა ქარხანამ შეაჩერა საქმიანობა. პერმის ოლქში მდებარე ალექსანდროვსკის მანქანათმშენებელი ქარხანა (АМЗ) ხელფასებს ვეღარ იხდის, მუშებმა ბუნტი მოაწყვეს და ქარხანა მზარდი ეკონომიკური კრიზისის ეპიცენტრში აღმოჩნდა,- ამის შესახებ საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ანალიტიკოსი, გოგიტა სურამელაშვილი წერს.
"АМЗ - არის ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული მანქანათმშენებელი საწარმო რუსეთში, რომელიც დაარსდა 1822 წელს. ქარხანა აწარმოებს ძირითად აღჭურვილობას სამთო ინდუსტრიისთვის. მისი ნგრევა არ არის მხოლოდ ერთი რეგიონის პრობლემა, არამედ ეს არის მთელი სექტორის დეგრადაციის საგანგაშო ნიშანი.
Audit-it სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს, АМЗ-ს დანაკარგების დინამიკა საგანგაშო აღმოჩნდა, ის ხუთჯერ გაიზარდა - 103-დან 575 მილიონ რუბლამდე. ქარხნის გენერალურმა დირექტორმა, არტურ მარკარიანმა ეს ახსნა სანქციებით, ლოგისტიკის დარღვევით, მაღალი საპროცენტო განაკვეთითა და ტრასსასაზღვრო ანგარისშწორების სირთულეებით.
მშრალი ფორმულირებების მიღმა ღრმა კრიზისის ნიშნები იმალება და მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობს დამალოს კატასტროფის სიღრმე, კრიზისი თავს იჩენს გაფიცვებით, დანაკარგებით, მასობრივი გაკოტრებითა და სოციალური უკმაყოფილებით. АМЗ არ არის გამონაკლისი, ის კიდევ ერთი ნიშანია იმ მოსალოდნელი ფინანსური კოლაფსისა, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა.
ომი, სანქციები, სტაგნაცია, მიწოდების ჯაჭვების მოშლა და მთავრობის უუნარობა, გულწრფელად აღიაროს პრობლემების მასშტაბები, რუსეთის ეკონომიკას აქცევს კონსტრუქციად, რომელიც ყოველდღიურად კარგავს სიმტკიცეს და შეიძლება უეცრად ჩამოიშალოს - აღნიშნავენ ექსპერტები", - აღნიშნავს სურამელაშვილი.