რუსეთში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინების გაყიდვები, სულ რაღაც ექვს თვეში, 26%-ით შემცირდა - ამის შესახებ საერთაშორისო ეკონომიკის ანალიტიკოსი გოგიტა სურამელაშვილი Дом.рф-ის ბოლო ანგარიშზე დაყრდნობით წერს

მისი თქმით, ბაზარი, 2020 წლიდან, ყველაზე ღრმა კრიზისში აღმოჩნდა.

„ექსპერტების აზრით, ეს არის შეღავათიანი იპოთეკური სესხების კოლაფსის პირდაპირი შედეგი. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ, გასული წლის ივლისში, ყველაზე გავრცელებული 8%-იანი სესხების პროგრამა შეამცირა, ბაზარი ფაქტობრივად ჩამოიშალა.

ა.წ. ივნისში, ახალ ბინებზე მოთხოვნა, 2024 წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, 63%-ით შემცირდა. ამავდროულად, იპოთეკური სესხები 2/3-ით შემცირდა.

ბანკები კვლავ მხოლოდ ძვირადღირებულ სესხებს სთავაზობენ და დეველოპერები სულ უფრო მეტად იძულებულნი არიან, საცხოვრებელი ბინები განვადებით და დიდი ფასდაკლებით გაყიდონ.

Дом.рф-ის მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში, ტრანზაქციების თითქმის 40% იპოთეკის გარეშე - ნაღდი ფულით ან შიდა განვადებით განხორციელდა.

იმისათვის, რომ არ დაგროვდეს გაუყიდვადი საცხოვრებელი ფართები, დეველოპერებმა უკვე შეამცირეს ახალი პროექტების დაწყება 22%-ით. ანალიტიკოსების პროგნოზით, მშენებლობის მოცულობა წლის ბოლომდე კიდევ უფრო რადიკალურად შემცირდება“, - წერს სურამელაშვილი.