„2024 წელს რუსულმა ძალებმა უკრაინაში მიმდინარე მთელი ომის განმავლობაში ყველაზე დიდი დანაკარგები განიცადა, დაიღუპა სულ მცირე 45 287 ადამიანი. ეს თითქმის სამჯერ მეტია, ვიდრე უკრაინაში შეჭრის პირველი წლის დანაკარგები და მნიშვნელოვნად აღემატება 2023 წლის დანაკარგებს, როდესაც ბახმუტისთვის ბრძოლა გაიმართა.
გასულ წელს ოკუპირებული ტერიტორიის ყოველი კილომეტრი რუსეთს სულ მცირე 27 ჯარისკაცის სიცოცხლედ დაუჯდა“ – წერს „ბიბისის“ რუსული რედაქცია.
„ბიბისი“ გამოცემა „მედიაზონასთან“ და მოხალისეებთან ერთად ამუშავებს უკრაინაში დაღუპული რუსი ჯარისკაცების ნეკროლოგებს და პერიოდულად აქვეყნებს მონაცემებს. სწორედ ამ ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა გამოცემა.
„ბიბისი“ აღნიშნავს, რომ ეს მონაცემები საბოლოო არ არის და დანაკარგების მაჩვენებელი ზრდადია, რადგან სტატისტიკაში შეტანილია მხოლოდ იმ ჯარისკაცებისა და ოფიცრების მონაცემები, რომელთა ნეკროლოგები ოფიციალურად გამოქვეყნდა.
ასევე, ბოლო თვეებში ომში დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების დიდი რაოდენობა, შესაძლოა, კვლავ ბრძოლის ველზე იყოს.
„ბიბისი“ წერს, რომ 2024 წლის სექტემბრიდან ნოემბრამდე რუსულმ მხარეს ყველაზე დიდი დანაკარგები ჰქონდა ომში.
ომის კვლევის ინსტიტუტის, ISW-ის შეფასებით, რუსეთმა 2024 წელს 4 168 კვადრატული კილომეტრი მიწა მიიტაცა, შესაბამისად, ირკვევა, რომ ყოველი კილომეტრის ოკუპაცია რუსეთს 27 ჯარისკაცის სიცოცხლედ დაუჯდა.
წყარო: "ბათუმელები"