რუსეთმა თურქეთიდან პირველი ტანკერით საავტომობილო ბენზინი მიიღო. 21 აგვისტოს, ტანკერი Wendrix, რომელიც თურქეთის მერსინის პორტში დაახლოებით 200 000 ბარელი საწვავით დაიტვირთა, ბალტიის ზღვაში ლატვიის სანაპიროსთან გაიარა, – ამას მოწმობს S&P Global Commodities in Sea-ს მონაცემები.
24 აგვისტოს დილის მონაცემებით, გემი Wendrix–ი რუსეთის პორტ პრიმორსკში იმყოფება.
გემი, რომელსაც ადრე Jasper ერქვა, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, უკრაინისა და შვეიცარიის სანქციების ქვეშაა. მერსინის პორტი უკრაინის სანქციების სიაშია რუსეთთან მისი კავშირის ეჭვის გამო.
ეს ტვირთი ივლისის ბოლოდან რუსეთში ბენზინის საზღვაო გზით მეხუთე დადასტურებული მიწოდება იქნება და პირველი თურქეთიდან. აქამდე ასეთი ტვირთის მნიშვნელოვანი ნაწილი ეგვიპტის მახლობლად მდებარე გადაზიდვის ჰაბების მეშვეობით ჩადიოდა.
S&P Global-ისა და Kpler-ის მონაცემებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში რუსეთმა ინდოეთის ვადინარის ტერმინალში ჩატვირთული ბენზინით სავსე სამი ტანკერი მიიღო, რომლებიც ეგვიპტეში სხვა გემებზე გადაიტვირთა. კიდევ ერთი ტვირთი მაროკოდან ივლისის ბოლოს ჩავიდა, თუმცა მისი რეალური წარმომავლობა უცნობია.
საერთო ჯამში, ივლისის ბოლოდან რუსეთში საზღვაო ტრანსპორტით ბენზინის იმპორტმა 1 მილიონ ბარელს გადააჭარბა.