გამოცემა Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, რუსეთი შესაძლოა დათანხმდეს, რომ ევროპაში გაყინული $300 მილიარდის ოდენობის აქტივები უკრაინის რეკონსტრუქციისთვის იქნას გამოყენებული, თუმცა მოითხოვოს, რომ თანხის გარკვეული ნაწილი ქვეყნის იმ ნაწილისთვისაც გამოიყენონ, რომელიც რუსეთს აქვს ოკუპირებული.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 2022 წელს სრულმასშტაბიანი თავდასხმა წამოიწყო, აშშ-მ და მოკავშირე ქვეყნებმა რუსეთის ცენტრალურ ბანკსა და ფინანსთა სამინისტროს ტრანზაქციები აუკრძალეს, რითაც $300-$350 მილიარდის ოდენობის რუსული სუვერენული ობლიგაციები გაიყინა, რომელიც ძირითადად ევროპული, ამერიკული და ბრიტანული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებისგან შედგებოდა.
Reuters-ის ინფორმაციით, იმ ფონზე, როცა რუსეთსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, მოსკოვში სამშვიდობო შეთანხმებისთვის ერთ-ერთ წინადადებად განიხილავენ, რომ გაყინული რუსული რეზერვების უკრაინის რეკონსტრუქციისთვის გამოყენების წინადადებით გამოვიდნენ.
გამოცემასთან ანონიმურმა წყაროებმა თქვეს, რომ ამ საკითხზე დისკუსიები ჯერ კიდევ წინასწარია, ხოლო კრემლმა საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. Reuters ასევე წერს, რომ ჯერჯერობით ვერ დადგინდა, განიხილეს თუ არა ეს საკითხი აშშ-მ და რუსეთმა საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაზე.
რუსულ მხარეს წარსულში ნათქვამი აქვს, რომ უკრაინაში რუსული აქტივების გამოყენება ქურდობის ტოლფასია.
Reuters-ის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, რუსეთი შესაძლოა დათანხმდეს, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში რეზერვების ორი-მესამედი უკრაინის აღდგენას მოხმარდეს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი ანგარიშვალდებულება გარანტირებული იქნება. წყაროს თქმით, დანარჩენი თანხა, შესაძლოა, რუსული ოკუპაციის ქვეშ მყოფ ტერიტორიებს მოხმარდეს.
წყარო: ტაბულა