რუსეთმა, რომელიც მსოფლიოში ხორბლის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია, მარცვლეულის ექსპორტისთვის პირველად გამოიყენა არქტიკული საზღვაო მარშრუტი, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს მოკავშირეთა კონვოები საბჭოთა კავშირისთვის ტვირთების მისაწოდებლად იყენებდნენ. ამის შესახებ Reuters წერს.

გადაწყვეტილება შავ ზღვაში სავაჭრო გადაზიდვების შეფერხებასა და ბალტიის ზღვაში უსაფრთხოების რისკებს უკავშირდება. რუსეთი ცდილობს, შეინარჩუნოს მარცვლეულის ძირითადი მყიდველები ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში და ექსპორტისთვის ალტერნატიული მარშრუტები გამოიყენოს.

მურმანსკის პორტში პირველი, 3 400 ტონა მარცვლეულის პარტიის გემზე დატვირთვა დაიწყო. ამასთან, საზღვაო გადაზიდვების მონაცემებით, მურმანსკიდან მაროკოს ქალაქ კასაბლანკაში გასაგზავნად დაახლოებით 28 000 ტონა ხორბლის დატვირთვა იგეგმება.