რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს გაეროს რეზოლუციას ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ. რეზოლუციას მხარი თერთმეტმა წარმომადგენელმა დაუჭირა, ორმა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო ორმა თავი შეიკავა,- ამის შესახებ ინფორმაციას Reuter-ს ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ბაჰრეინის თავდაპირველი წინადადება ქვეყნებს უფლებას აძლევდა გამოეყენებინათ „ყველა საჭირო საშუალება“ გაეროს ფორმულირება, რომელიც მოიცავს სამხედრო მოქმედებებსაც ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტის უზრუნველსაყოფად და მისი ჩაკეტვის მცდელობების აღსაკვეთად.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა, ჩინეთმა და საფრანგეთმა - უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან ვეტოს უფლების მქონე ქვეყნებმა - ძალის გამოყენების დამტკიცების წინააღმდეგობა გამოხატეს, რეზოლუცია გადაიხედა და მისგან შეტევითი მოქმედებების შესახებ ყოველივე მინიშნება ამოიღეს. ის მხოლოდ „ყველა საჭირო თავდაცვითი საშუალების“ გამოყენების ნებართვას იძლეოდა. თუმცა, რუსეთმა და ჩინეთმა შესწორებულ წინადადებას მაინც დაადეს ვეტო.
ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბდულატიფ ბინ რაშიდ ალ-ზაიანმა რეზოლუციის ჩავარდნის შემდეგ თქვა, რომ „საბჭომ ვერ შეძლო პასუხისმგებლობის აღება უკანონო ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც მოითხოვს გადამჭრელ ზომებს ყოველგვარი დაყოვნების გარეშე“.