ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კონფლიქტის გამო, მდიდარი ბრიტანელი მოქალაქეები არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ევროპაში დაბრუნებას იწყებენ. The Guardian-ის ცნობით, მილანი მდიდარი ბრიტანელებისთვის უძრავი ქონების შესაძენად ყველაზე პოპულარული ადგილი გახდა.
ბრიტანელი მილიონერებისა და მილიარდერების გადასახლებაში დახმარების კონსულტანტი სპეციალისტების თქმით, ბრიტანელებს იტალია იზიდავს მისი მაღალი ცხოვრების ხარისხი და უცხოურ შემოსავლებზე ფიქსირებული გადასახადის რეჟიმი. მიმდინარე წლის დასაწყისიდან იტალიაში გადასახადის განაკვეთი 300 000 ევროა. 2025 წელს ის 200 000 ევროს შეადგენდა.
გაზეთი აღნიშნავს, რომ კარგად განვითარებული ფინანსური სექტორი და პოლიტიკური სტაბილურობა, ასევე საერთაშორისო სკოლების სიახლოვე, მსხვილი აეროპორტების არსებობა და ხელოვნების ნიმუშების გაყიდვასა და იმპორტზე დაბალი დღგ (5%), ასევე არის ბრიტანელების მილანში გადასვლის მიზეზები. კონსულტანტი სპეციალისტის, არმან არტონის თქმით, ამჟამად „სპარსეთის ყურის რეგიონიდან რეალური ტალღაა“.
„იტალია განაცხადებს სწრაფად ამუშავებს“, - დასძინა მან.
2025 წლის ბოლოსთვის მილანმა ვენეციას გაუსწრო და იტალიის ყველაზე ძვირადღირებული ქალაქი გახდა. ქალაქში უძრავი ქონების კვადრატულ მეტრზე საშუალო ფასმა 5,171 ევროს მიაღწია. ბოლო ორი წლის განმავლობაში ქალაქში უძრავი ქონების უცხოელი მყიდველების რაოდენობა 30-40%-ით გაიზარდა.