რუსეთის სტატისტიკის სახელმწიფო ფედერალური სამსახური (Росстат) ბენზინისა და დიზელის საწვავზე სამომხმარებლო ფასების შესახებ ყოველკვირეული ბიულეტენის გამოქვეყნებას შეწყვიტა,-  ამის შესახებ გამოცემა The Bell წერს და აღნიშნავს, რომ შესაბამისი ცვლილება რუსეთის მთავრობამ გასულ კვირას სტატისტიკური სამუშაოების ფედერალურ გეგმაში შეიტანა.

ცვლილებების მიხედვით, დოკუმენტიდან ამოღებულია პუნქტი, რომელიც „ნავთობპროდუქტების სამომხმარებლო ფასების შესახებ ინფორმაციის“ გამოქვეყნებას ითვალისწინებდა. აქამდე Росстат-ი საწვავის ფასების მონაცემებს მარკების, რეგიონებისა და რუსეთის 280 ქალაქში მდებარე დაახლოებით 1800 ავტოგასამართი სადგურის მიხედვით აქვეყნებდა, რაც საწვავის ინფლაციის მონიტორინგის შესაძლებლობას იძლეოდა.

ამ დროისთვის Росстат-ის ვებგვერდზე კვლავ განთავსებულია ანონსი, რომლის მიხედვითაც მორიგი ბიულეტენი 1 ივლისს უნდა გამოქვეყნდეს. თუმცა საწვავის ფასების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შეწყვეტასთან დაკავშირებით უწყების პრესსამსახურს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ცვლილება რუსეთის საწვავის ბაზარზე შექმნილი კრიზისის ფონზე ხდება. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ბენზინისა და დიზელის გაყიდვაზე შეზღუდვები მოქმედებს, ხოლო საწვავის ფასები მკვეთრად გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკით, 16-22 ივნისის პერიოდში ბენზინი 3%-ით, დიზელის საწვავი კი 2.7%-ით გაძვირდა. Bloomberg-ის შეფასებით, ეს ბოლო 20 წლის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ერთკვირიანი ზრდაა.