„ლატვიის რადიოს“ ცნობით, მთავრობასა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის შეთანხმება რუსეთისა და ბელარუსის მოსაზღვრე ხუთი მუნიციპალიტეტისთვის 2,5 მილიონი ევროს ოდენობის სპეციალური გრანტის გამოყოფას ითვალისწინებს. სასაზღვრო ტერიტორიების მოსახლეობა მიიჩნევს, რომ დამატებითი დაფინანსება სხვადასხვა სფეროს, მათ შორის - უსაფრთხოების დაცვას უნდა მოხმარდეს.

ლატვიის მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლება ევროკავშირთან გარე საზღვრის მქონე ხუთი მუნიციპალიტეტისთვის 2,5 მილიონი ევროს ოდენობის სპეციალური გრანტის გამოყოფაზე შეთანხმდნენ. სეიმში სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ, დაფინანსებას ბელარუსისა და რუსეთის მოსაზღვრე მუნიციპალიტეტები მიიღებენ.

რაც უფრო გრძელია ევროკავშირის საგარეო საზღვარი, მით მეტი იქნება გამოყოფილი თანხის ოდენობა.

ყველაზე გრძელი გარე საზღვარი ლუძას მუნიციპალიტეტს აქვს - 141 კილომეტრი. შესაბამისად, ის ყველაზე დიდი თანხას - 822 000 ევრო მიიღებს, ყველაზე მოკლე საზღვრის მქონე აუგშდაუგავას მუნიციპალიტეტს კი 220 000 ევრო გამოეყოფა.

„ლატვიის რადიომ“ მოსახლეობას ჰკითხა, როგორ უნდა დაიხარჯოს ეს ფული. მათი აზრი ასეთია:

„ქალაქის კეთილმოწყობისთვის და, რა თქმა უნდა, სპორტისა და სკოლებისთვის. ფული განვითარებაში, ჩვენს მომავალში უნდა ჩაიდოს“.

ლუძას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ედგარს მეკშსმა („მწვანეთა და ფერმერთა კავშირი“) ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანხა რაც შეიძლება მეტი ადამიანის სასიკეთოდ დაიხარჯება: „როცა ბიუჯეტზე ვიმუშავებთ, დავინახავთ ყველა ჩვენი დაწესებულების საჭიროებებს და შემდეგ გადავწყვეტთ, სად უნდა მივმართოთ თანხები“.

სასაზღვრო რეგიონებისთვის გათვალისწინებულ ფულს ლუძას მუნიციპალიტეტი, სავარაუდოდ, ბიუჯეტის გასაუმჯობესებლად, ასევე ევროკავშირის ინსტიტუტებისა და პროექტების მუშაობის თანადაფინანსებისთვის გამოიყენებს.

მეკშსი ამბობს: „დაფინანსება ყველაზე მტკივნეული პრობლემების გადასაჭრელად უნდა გამოვიყენოთ. ამ დროისთვის ავტობუსების შეძენა აქტუალური საკითხია, შესყიდვა უკვე დასრულებულია და უახლოეს მომავალში, სამი ავტობუსის შეძენას შევძლებთ. ეს არ არის მცირე თანხა - სამი ავტობუსი 400 000 ევროზე მეტი ეღირება. გარდა ამისა, ამჟამად თავშესაფრების შემოწმება მიმდინარეობს და თუ ამ ტერიტორიების მოწესრიგების საკითხი დადგება დღის წესრიგში, ამისთვისაც შესაბამისი დაფინანსებაც იქნება საჭირო. ასე რომ, ჯერ ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ სად დავხარჯავთ თანხებს, რადგან ბევრი საჭიროება გვაქვს“.

ბალვის თვითმმართველობისთვის 484 000 ევროს გამოყოფა იგეგმება. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, სერგეი მაქსიმოვმა („ლატგალის პარტია“) „ლატვიის რადიოს“ განუცხადა, თითქმის ნახევარი მილიონი ევროს გამოყენება სასაზღვრო გზების შესაკათებლად, საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდასაჭერად, ქალაქში უსაფრთხოების ზომების ორგანიზებისთვის და სხვა საჭიროებებისთვის შეიძლება.

სეიმის ადამიანის უფლებათა და საზოგადოებრივ საქმეთა კომიტეტის ლატგალის (ბალტიური ეთნოსი - რედ.) ქვეკომიტეტის წევრი, ალინა გენდელე („ახალი ერთობა“) მიიჩნევს, რომ დაგეგმილი დაფინანსება, უპირველეს ყოვლისა, გრძელვადიანი ღონისძიებებისთვის უნდა იყოს გამოყენებული.

„წელს სახელმწიფოს მთავარ მიზნად და პრიორიტეტად შიდა და გარე უსაფრთხოება განისაზღვრა. აქედან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტრო სასაზღვრო მუნიციპალიტეტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2,5 მილიონი ევროს გამოყოფის ინიციატივით გამოვიდა. ეს თანხა შეიძლება მოხმარდეს სოციალურ-ეკონომიკურ უსაფრთხოებას ან მობილობის შესაძლებლობების უზრუნველყოფას. პრიორიტეტების განსაზღვრაზე პასუხისმგებლობა მუნიციპალიტეტს და საკრებულოს წევრებს დაეკისრებათ. მათ მოუწევთ მოქალაქეებისთვის ამის ახსნა და ამავე დროს - მათი აზრის გათვალისწინება“, - განაცხადა გენდელემ.

ამჟამად სასაზღვრო მუნიციპალიტეტებისთვის 2,5 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილებას სეიმი იხილავს და 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ, დაფინანსებას ალუკსნეს, ბალვის, ლუძას, კრასლავასა და აუგშდაუგავას მუნიციპალიტეტები მიიღებენ.

წყარო: 1tv.ge