ევროპარლამენტში მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვის ფარგლებში მემარჯვენე დეპუტატთა კოალიციამ  ევროკავშირს საზღვრების გარშემო ფიზიკური ბარიერების აშენებისკენ მოუწოდა, რამაც ლიბერალების, სოციალისტებისა და სხვა მემარცხენე ჯგუფების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

მემარჯვენე-ცენტრისტულმა „ევროპის სახალხო პარტიამ“ მხარი დაუჭირა დეპუტატების ალექსანდრე იუნგბლუთისა (გერმანია) და სტანისლავ ტიშკას (პოლონეთი) მიერ წარდგენილ შეთავაზებებს. ორივე პოლიტიკოსი „ევროპის სუვერენული ერების“ ჯგუფს წარმოადგენს.

დეპატატების მიერ წარდგენილ შეთავაზებას თან ახლდა რეზოლუცია, რომელიც 2025 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით ევროკავშირის პოზიციას ასახავს. ევროპარლამენტი მოითხოვს ევროკავშირის საზღვრებზე ფიზიკური ბარიერების მშენებლობისათვის საჭირო თანხის გამოყოფას.

წარდგენილ ცვლილებებს ევროპარლამენტის 329 წევრმა დაუჭირა მხარი. მათ შორისაა ყველა ულტრამემარჯვენე ჯგუფი: „პატრიოტები ევროპისთვის“, „ევროპელი კონსერვატორები და რეფორმატორები“ და „ევროპის სუვერენული ერების” ჯგუფი. პარლამენტში ყველაზე დიდი ჯგუფის „ევროპის სახალხო პარტიის“  წევრთა უმეტესობა მომხრეა ცვლილებებისა.  მხოლოდ 15-მა დეპუტატმა მისცა ხმა მის წინააღმდეგ, ოთხმა კი თავი შეიკავა.

საბოლოოდ, პალატამ არ დაამტკიცა  რეზოლუცია. ცვლილებების შეტანის მცდელობამ გამოიწვია უკმაყოფილება კოალიაციაში შემავალი იმ სხვა ჯგუფებისა, რომლებიც მხარს უჭერენ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომელმაც „ევროპის სახალხო პარტია“ ალტერნატიული უმრავლესობის მოძიებაში დაადანაშაულა.

„ევროპის სახალხო პარტიამ“ არ შეასრულა შეთანხმების პირობები და ულტრამემარჯვენეებთან ერთად მხარი დაუჭირა რამდენიმე ცვლილებას“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ვიქტორ ნეგრესკუმ და განმარტა, თუ რატომ უარყო ევროპარლამენტარების უმრავლესობამ ბიუჯეტის დოკუმენტზე დართული პოლიტიკური რეზოლუცია.

მან სტრასბურგში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რეზოლუცია, რომელიც თან ერთვის „ევროპის სახალხო პარტიის” პოზიციას, არ საჭიროებს მოლაპარაკებების გამართვას საბჭოსთან, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს წარმოადგენს. ორი ინსტიტუტი 18 ნოემბრამდე უნდა შეთანხდეს, თუ როგორ უნდა დაიხარჯოს ევროკავშირის ფული მომავალ წელს.

ულტრამემარჯვენე ჯგუფებთან ერთად „ევროპის სახალხო პარტიის“ კენჭისყრას მწვავე კრიტიკა მოჰყვა ასევე ცენტრისტების მხრიდან. „რაღაც ძალიან სერიოზული მოხდა. ეს ნიშნავს, რომ „ევროპის სახალხო პარტიამ“ უარი უნდა თქვას ურსულა ფონ დერ ლაიენის კომისიის პრეზიდენტობისთვის მხარდასაჭერად აგებულ მყარ უმრავლესობაზე”, – თქვა ფაბიენ კელერმა (საფრანგეთი), რომელიც თავშესაფრის მაძიელებელთა პროცედურების რეგულაციის ერთ-ერთი მომხსენებელია.

„ევროპის სახალხო პარტიის“ ვიცე-თავმჯდომარე ტომას ტობემ ევრონიუსს განუმარტა, რატომ დაუჭირა მხარი საკამათო ცვლილებას. „ჩვენ დიდი ხანია ვატარებთ პოლიტიკას, რომ მოვიპოვოთ ევროკავშირის დაფინანსება გარე საზღვრების ინფრასტრუქტურისთვის. ეს ასევე შეესაბამება ევროპული საბჭოს პოზიციას: ფიზიკური ბარიერები აუცილებელია ევროკავშირის გარე საზღვრების დასაცავად და მიგრაციის ეფექტურად სამართავად“.

წყარო: ევრონიუსი