გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ქვრივმა, იულია ნავალნაიამ განაცხადა, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინი თანამდებობას დატოვებს.

ამის შესახებ იულია ნავალნაიამ BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

თავისი ქმრის მიერ სიკვდილის წინ დაწერილი მემუარების (სახელწოდებით, „პატრიოტი“) წარდგენისას, ნავალნაიამ თავისი გეგმების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როდესაც ამის დრო მოვა, ის „არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას“.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება საბოლოოა, რადგან მისი მეუღლის მიერ რუსეთში დემოკრატიისთვის დაწყებული ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.

ნავალნაიამ აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილია რუსეთში დაბრუნებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ, სადაც ექსტრემიზმის ბრალდებით დაპატიმრება ემუქრება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამშობლოში მხოლოდ მას შემდეგ დაბრუნდება, რაც ვლადიმერ პუტინი თანამდებობას დატოვებს. „ჩემი პოლიტიკური ოპონენტი ვლადიმერ პუტინია და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მისი რეჟიმი რაც შეიძლება მალე დაემხოს“, - დასძინა ოპოზიციონერის ქვრივმა.

რა არის ცნობილი რუსეთის ციხეში ნავალნის გარდაცვალების შესახებ

2024 წლის 16 თებერვალს, რუსეთმა გამოაცხადა, რომ ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი ციხეში სეირნობის შემდეგ გარდაიცვალა.

17 თებერვალს, ნავალნის პრეს-მდივანმა, კირა იარმიშმა ციხეში რუსი ოპოზიციონერის სიკვდილის ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ ნავალნი მოკლეს. მოგვიანებით იარმიშმა დაწერა, რომ ნავალნის ადვოკატი და დედა სალეხარდის მორგში მივიდნენ, მაგრამ ის დახურული დახვდათ, თუმცა ციხის ადმინისტრაცია ირწმუნებოდა, რომ მორგი ღია იყო და ოპოზიციონერის ცხედარი იქ იყო დასვენებული.

გერმანული გაზეთის, „ბილდის“ ცნობით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გერმანიის ციხეში მყოფი აგენტის, ვადიმ კრასიკოვის განთავსუფლება სურდა და ამის სანაცვლოდ, ციხიდან ნავალნის გაშვების შესაძლებლობას განიხილავდა.

19 თებერვალს ნავალნის პრეს-მდივანმა, კირა იარმიშმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის გარდაცვალების მიზეზი ჯერ არ არის „დადგენილი“.

იმავე დღეს, 19 თებერვალს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი ევროკავშირის ადამიანის უფლებათა სანქციების რეჟიმისთვის ნავალნის სახელის დარქმევის ინიციატივით გამოვიდა.

წყარო: 1 არხი