გასულ კვირას, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიხალმა მხარი დაუჭირა 100 მილიარდი ევროს ღირებულების ევროკავშირის ობლიგაციების გამოშვების იდეას, რომელიც თავდაცვის ხარჯების დეფიციტის შევსებას უნდა მოხმარდეს.

„უკრაინის გამარჯვებას ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს ევროპის უსაფრთხოებისთვის. ამიტომ, უახლოეს პერიოდში და მომდევნო წლებში ჩვენ ასეთი ნაბიჯი უნდა გადავდგათ“,- განუცხადა მან ჟურნალისტებს ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

„რუსეთი გრძელვადიანი დაპირისპირებისთვის მოემზადა და ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ. ეს ნიშნავს, რომ ყველა ევროპულმა ქვეყანამ გაცილებით მეტი ინვესტიცია უნდა ჩადოს თავდაცვისუნარიანობასა და მდგრადობაში, რათა რუსეთმა ვერც კი გაბედოს შეცდომის დაშვება და ჩვენი ნერვების გამოცდა“, - განაცხადა მიხალმა.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროკავშირს არ აქვს „ფუფუნება“, ბლოკის მომავალ გრძელვადიან ბიუჯეტს დაელოდოს.

„ჩვენი გათვლებით, არსებული დეფიციტის სასწრაფოდ აღმოსაფხვრელად, მინიმუმ, 100 მილიარდი ევროა საჭირო. თავდაცვის ობლიგაციების გამოშვება, სავარაუდოდ, ამ სახსრებს მოიზიდავს“, - აღნიშნა მან.

ევროკავშირის თავდაცვის სექტორის გასაძლიერებლად 100 მილიარდი ევროს ღირებულების ევროობლიგაციების გამოშვების იდეას, ამ წლის დასაწყისში, მიხალის წინამორბედმა, ესტონეთის ყოფილმა პრემიერმა, კაია კალასმაც დაუჭირა მხარი.

ამასთან, მიხალმა აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის სხდომაზე უკრაინის დაფინანსების საკითხაც დააყენებს.

გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას, რომლის თანახმად, პოლონეთმა იმ მიგრანტებისგან, ვინც ბელარუსის საზღვარს კვეთს, თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადების მიღება შეწყვიტა, კრისტენ მიხელმა იმედი გამოთქვა, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი მას ამ საკითხზე დამატებით ინფორმაციას მიაწვდის.

რუსეთის მიერ მიგრაციის პრობლემის იარაღად გამოყენებას ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა „ჰიბრიდული საფრთხე“ უწოდა და შენიშნა, რომ ესტონეთი და მრავალი სხვა ქვეყანა გამოთქვამს შეშფოთებას ამ საკითხთან დაკავშირებით.

„ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს განხილვის საგანი უნდა აგხდეს და იმედი მაქვს, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ყველაფერს განმარტავს“, - ამბობს მიხალი.

გასულ კვირას, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, ევროპული საბჭოს სხდომის გარდა, ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს (EU-GCC) სამიტშიც მიიღო მონაწილეობა, რომელიც ბრიუსელში ჩატარდა.

დისკუსიების დროს, ყურადღება გამახვილდა უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე, ევროკავშირის კონკურენტუნარიანობაზე, მიგრაციის საკითხებზე, ასევე ბაჰრეინთან, ქუვეითთან, ომანთან, ყატართან, საუდის არაბეთთან და არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან მჭიდრო კავშირებზე.

ბრიუსელში ვიზიტის დროს, მიხალი ასევე შეხვდა ევროკომისიის, ევროპული საბჭოსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებს: ურსულა ფონ დერ ლაიენს, შარლ მიშელს და რობერტა მეცოლას.

წყარო: 1 არხი