რუსეთის არმია უკრაინასთან ომში სისტემატურად იყენებს ქიმიურ იარაღს. მომწამვლელი გაზის შემცველი საბრძოლო მასალის ოკუპანტების მიერ გამოყენების შემთხვევები სულ უფრო ხშირად ფიქსირდება მებრძოლი მხარეების უშუალო შეხების ხაზზე, კერძოდ - ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე სოფელ შერბაკის მახლობლად.
ამ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР МО) პრეს-სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ეს, ძირითადად, RG-VO (ხელყუმბარა-მომწამვლელი ნივთიერება) ტიპის ხელყუმბარებია. რუსი სამხედროები ამ საბრძოლო მასალას უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციებზე დრონებიდან ყრიან.
„რუსი დამპყრობლების მიერ გამოყენებული გაზი ლორწოვან გარსებსა და სასუნთქ ტრაქტზე მოქმედებს. ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურებულ ტერიტორიაზე დამცავი აღჭურვილობის გარეშე დარჩენას შეიძლება ფატალური შედეგები მოჰყვეს - სამწუხაროდ, უკრაინის დამცველთა შორის უკვე არიან ამ მიზეზით დაღუპულები“, - ნათქვამია პრეს-სამსახურის განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ასევე აღნიშნავს, რომ რუსების მიერ გამოყენებული ქიმიური ნივთიერება ამჟამად ზუსტ იდენტიფიცირებას ექვემდებარება.
სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს სამოქალაქო დაცვის და გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ვალერი ვებერმა განაცხადა, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა არმიამ სახიფათო ქიმიკატების შემცველი საბრძოლო მასალა უკრაინის არმიის წინააღმდეგ 6 900-ზე მეტჯერ გამოიყენა.
გასულ წელს, ტელეარხმა „France24“-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია ქიმიური იარაღის შესახებ, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს. მასალა ეხებოდა ქლოროპირინს - ცრემლსადენ გაზს და ასფიქსიის გამომწვევ ნივთიერებას, რომლის გამოყენება საერთაშორისო სამართლით არის აკრძალული. პირველი მსოფლიო ომის დროს, 1916 წელს, რუსეთი იყო პირველი, ვინც ეს ნივთიერება გამოიყენა, შემდეგ კი იგივე გააკეთეს საფრანგეთმა და გერმანიამ. როგორც ტელეარხ „France 24“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჰერტფორდშირის უნივერსიტეტის ტოქსიკოლოგიის კათედრის გამგემ, რობ ჩილკოტმა განმარტა, იმ დროს ქლოროპირინი იმისთვის გამოიყენებოდა, რომ მტრის ჯარისკაცები იძულებულები გამხდარიყვნენ, აირწინაღები გაეკეთებინათ. „ამის შემდეგ, ჯარისკაცებზე უფრო საშიშ ქიმიური იარაღს, კერძოდ კი მდოგვის გაზს მიმართავდნენ“, - ამბობს ჩილკოტი.
წყარო: 1არხი