ლაუნჯი, ყავის ბარი, საქმიანი ზონა, დამხმარე ბლოკი, ტექნიკური და სასაწყობე სივრცეები – სწორედ ამას მოიცავს ნაგებობა, რომლის მშენებლობაც ბათუმის ნავმისადგომთან მიმდინარეობს. მშენებლობა იახტკლუბის განვითარების პროექტის შემადგენელი ნაწილია. ეს პროექტი კი 2017 წელს დაიგეგმა და თავდაპირველი შეთანხმებით, 2021 წელს უნდა დასრულებულიყო.

ბათუმი, იახტკლუბის მშენებლობა / ფოტო: 14.10.2025

აჭარის მთავრობამ  ბათუმის იახტკლუბი 2017 წელს „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილ კომპანია „რივიერას“ 1 ლარად 20-წლიანი იჯარით და გარკვეული პირობებით გადასცა. მათ შორის, კომპანია ვალდებული იყო 2021 წლამდე ეტაპობრივად განეხორციელებინა 3 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია.

ამ პირობების შესრულებას, ანუ იახტკლუბისა და მიმდებარე ტერიტორიის განვითარებას „სილქ როუდი“ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ფინანსური თანამონაწილეობით გეგმავდა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და „რივიერას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადები რამდენჯერმე შეიცვალა. შეიცვალა იახტკლუბის განვითარების პროექტის სამუშაო ვერსიაც. საბოლოოდ კი მშენებლობაზე ნებართვა 2025 წლის მარტში გაიცა.

იახტკლუბის შენობის რენდერი: თავდაპირველი [ზემოთ] და საბოლოო [ქვემოთ] ვერსია, რომელსაც უკვე აშენებენ

„იახტკლუბის მშენებლობის [III კლასის შენობა] მიზნით შეთანხმდეს არქიტექტურული პროექტი და გაიცეს მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვროს 2028 წლის 30 მარტამდე“ – აღნიშნულია ბათუმის მერის 2025 წლის 27 მარტის ბრძანებაში.

განმარტებითი ბარათის მიხედვით: „პროექტით გათვალისწინებულია იახტკლუბის მშენებლობა. შენობა შედგება ორი ბლოკისგან, ძირითადი ბლოკი, სადაც განთავსებულია ლაუნჯი, ყავის ბარი, რეცეფცია და საქმიანი ზონა [შეხვედრების და სამუშაო ოთახების სახით] და დამხმარე ბლოკი, სადაც განთავსებულია სველი წერტილები, ტექნიკური და სასაწყობე სივრცეები.

ძირითადი ბლოკი შედგება 0.00 და +2.60 ნიშნულებზე განთავსებული ორი მიწის დონის ზედა სართულისგან, ხოლო დამხმარე ნაგებობა ერთსართულიანი ობიექტია. საპროექტო შენობის ფასადები მოპირკეთდება ხით და ქვით. დასაგეგმარებელი შენობის ყველა ნაწილი მისაწვდომია შშმ პირთათვის“.

ბათუმი, იახტკლუბის მშენებლობა / ფოტო: 14.10.2025

შპს „რივიერამ“ 1 ლარად 20 წლით სარგებლობაში მიღებული ქონება განსაკარგავად სხვას – შპს „ბათუმის იახტ კლუბს“ მისცა. იახტკლუბის ტერიტორია „რივიერამ“ 19-წლიანი იჯარით გასცა. ეს კომპანია, ქონების იჯარით აღებამდე რამდენიმე დღით ადრე დაარეგისტრირეს თბილისში.

ბათუმის იახტკლუბი – ფოტომონტაჟი პროექტიდან

თავდაპირველი გეგმით ახალ შენობაში „იახტების და სხვა მცურავი საშუალებების აქსესუარების მაღაზია და შოურუმიც“ უნდა განთავსებულიყო, თუმცა, მშენებარე ობიექტის პროექტში ეს გათვალისწინებული აღარ არის.

ბათუმის იახტკლუბი – ფოტომონტაჟი პროექტიდან

კომპანია „ბათუმის იახტ კლუბი“, სახელმწიფოსგან ზღვის 1 ჰექტრამდე ფართობის სარგებლობაში გადაცემას ითხოვს 2037 წლამდე. კომპანიაში თავის დროზე განაცხადეს, რომ ეს ტერიტორია მათ იახტების მოძრაობის უსაფრთხოებისთვის სჭირდებათ.

ბათუმის იახტკლუბთან ზღვის აკვატორიის ნაწილი მიწის ნაკვეთად სახელმწიფომ სწორედ ამ კომპანიის მიმართვის შემდეგ დაირეგისტრირა 2019 წელს:

ვრცლად ამ თემაზე: სახელმწიფომ 1 ჰექტარი ზღვა მიწად დაირეგისტრირა, რომელსაც სავარაუდოდ „რივიერას“ გადასცემს

ბათუმი, იახტკლუბის მშენებლობა / ფოტო: 14.10.2025

ბათუმი, იახტკლუბის მშენებლობა / ფოტო: 14.10.2025

იახტკლუბის განვითარების პროექტი მიბმულია იმ პროექტს, რომელიც „ტრამპ თაუერის“ ნაცვლად ბათუმში „სილქ თაუერის“ აშენებას ითვალისწინებს. „სილქ თაუერის“ პროექტს „სილქ როუდ ჯგუფი“ ახორციელებს, ფინანსური მხარდამჭერი კი „თანაინვესტირების ფონდია“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია.

ამ თემაზე: ბათუმის კონცხზე 5-ის ნაცვლად 3 თაუერი აშენდება – ყველაზე მაღალი 240 მეტრი იქნება

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, აჭარის საკუთრებაში არსებული შპს „ბათუმის ნავსაყუდელი 2015“, რომლის საწესდებო კაპიტალიდან მთავრობამ იახტკლუბის ნავსაყუდელი ამოიღო და „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილ „რივიერას“ იჯარით გადასცა, მომგებიანი კომპანია იყო.

„მომგებიანი კომპანიის საწესდებო კაპიტალიდან ქონების ამოღებით ამ კომპანიამ შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო დაკარგა. აღნიშნული გარიგებით, სახელმწიფო ორგანიზაციებმა საერთო ჯამში ქონების წლიური საიჯარო ქირის სახით 380 094 ლარი დაკარგეს“, – აცხადებდა აუდიტი.

საქმე იმაშია, რომ „რივიერა“ 1 ლარად იჯარით აღებული ტერიტორიით [იახტკლუბი] 2038 წლამდე ისარგებლებს. ის შემოსავლები კი, რაც ადრე „იახტკლუბიდან“ აჭარის ბიუჯეტში შედიოდა, „რივიერას“ რჩება. იახტკლუბის ნავსაყუდელში დგომისთვის იახტების, თუ პატარა სასეირნო გემების მფლობელები ფულს იხდიან, სწორედ ამ თანხაზეა საუბარი.

batumelebi.netgazeti.ge