ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რუსეთისგან ირკუტსკისჭირის კვლევით ინსტიტუტში დასაქმებული თანამშრომლის გარდაცვალების გარემოებების შესახებ დამატებით ინფორმაციას ითხოვს.
ჯანმოს განცხადებით, ამ ეტაპზე შემთხვევასთან დაკავშირებით საკმარისი მონაცემები არ არსებობს, რის გამოც შესაძლო რისკების სრულფასოვანი შეფასება ვერ ხერხდება.
შემთხვევის შესახებ ცნობები მედიაში პირველად 2 ოქტომბერს გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, ირკუტსკის რეგიონში კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი მძიმე პნევმონიის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. თავდაპირველად გაჩნდა ვარაუდი, რომ გარდაცვალება შესაძლოა ფილტვის ჭირს უკავშირდებოდეს და ინფიცირება ლაბორატორიაში შემთხვევითი ექსპოზიციის შედეგად მომხდარიყო.
რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული ვერსია უარყო და განაცხადა, რომ ირკუტსკის ოლქში ჭირის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
Reuters-ის ცნობით, რუსეთის მხარემ ჯანმოს ასევე აცნობა, რომ გარდაცვლილთან კონტაქტში მყოფი დაახლოებით 200 ადამიანი კარანტინში გადაიყვანეს.
ჯანმო რუსეთისგან ითხოვს დეტალურ ინფორმაციას გარდაცვლილისა და მასთან კონტაქტში მყოფი პირების ლაბორატორიული კვლევების შესახებ. ორგანიზაციას ასევე აინტერესებს, რა გახდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის კონკრეტული ღონისძიებების ამოქმედების მიზეზი და როგორია კონტაქტში მყოფი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა.
გარდა ამისა, ჯანმო განმარტებებს ითხოვს კიდევ ერთი თანამშრომლის შემთხვევაზე, რომელსაც, გავრცელებული ცნობებით, გაურკვეველი მიზეზით პნევმონია განუვითარდა.
ჯანმოს წარმომადგენლის, მარია ვან კერკჰოვეს განცხადებით, ორგანიზაციას სურს დეტალურად გაიგოს, როგორ ჩატარდა გარდაცვლილისა და სხვა პირების ბიოლოგიური ნიმუშების კვლევა, რა მასალებთან მუშაობდა გარდაცვლილი თანამშრომელი, რა ბიოუსაფრთხოების ზომები მოქმედებდა ლაბორატორიაში და იყო თუ არა მას ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთებული.
ორგანიზაცია რუსეთის მხარეს ტექნიკური დახმარების გაწევასაც სთავაზობს, მათ შორის ჭირის, ლაბორატორიული ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის მიმართულებით.
ჯანმოს შეფასებით, ჭირი, განსაკუთრებით მისი ფილტვისმიერი ფორმა, მძიმე ინფექციური დაავადებაა. თუმცა ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ირკუტსკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით რაიმე საბოლოო დასკვნის გასაკეთებლად დამატებითი ლაბორატორიული და ეპიდემიოლოგიური მონაცემებია საჭირო.
ჯანმოს ინფორმაციით, 2019-2025 წლებში ორგანიზაციამ 10 ქვეყნისგან ჭირის თითქმის 4 000 შემთხვევის შესახებ მიიღო შეტყობინება, მათგან 423 შემთხვევა კი ლეტალურად დასრულდა.