ესტონეთში მცხოვრებ დაახლოებით 4 000 რუს პენსიონერს რუსეთი პენსიებს აღარ უხდის. თებერვილიდან დღემდე პენსია მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის 7-მა ვეტერანმა მიიღო.
რუსეთის ფედერაციიდან საპენსიო თანხების არგადარიცხვის გამო, ესტონეთში მცხოვრები რუსი პენსიონერები თებერვლიდან პენსიას ვერ იღებენ. გასულ კვირას პენსია მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის 7-მა ვეტერანმა მიიღო. ესტონეთის სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გადაუხდელი პენსიების საერთო თანხამ დაახლოებით 680 ათას ევროს მიაღწია.
ამ საკითხთან დაკავშირებით, 3 აპრილს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს, რომელსაც დიპლომატიური ნოტა გადასცეს და ახსნა-განმარტება მოსთხოვეს, თუ რა არის პენსიების გადახდის დაგვიანების მიზეზი და რა ნაბიჯები იდგმება პრობლემის მოსაგვარებლად.
სოციალურ საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ რუსეთს ჯერ კიდევ არ გაუკეთებია მკაფიო განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ არ ასრულებს თავის ვალდებულებას, გადაუხადოს დამსახურებული პენსიები ესტონეთში მცხოვრებ ათასობით რუსი პენსიონერს.
10 აპრილს, სოციალური დაზღვევის საბჭოს ანგარიშზე რუსეთიდან მხოლოდ 7000 ევრო გადმოირიცხა. ეს არის კვარტალური პენსია შვიდი ადამიანისთვის, რომლებიც, რუსეთის ინფორმაციის თანახმად, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები არიან.
სოციალურ საქმეთა მინისტრის, კარმენ ჯოლერის (პარტია „რეფორმა“) თქმით, ეს ფაქტი ადასტურებს, რომ საპენსიო თანხების გადარიცხვები შესაძლებელია და დაუსაბუთებელს ხდის რუსეთის ადრინდელ პრეტენზიებს, თითქოს, ფულის გადარიცხვას სანქციები აფერხებს.
„ესტონეთისთვის გაუგებარია, რატომ არ ექცევა რუსეთი თავის პენსიონერებს ერთნაირად. პენსიები გადაუხადეს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, მაგრამ დანარჩენები პენსიას თებერვლიდან ამაოდ ელიან, რადგან რუსეთი თავისი მოქალაქეების მიმართ ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებს“, - აცხადებს კარმენ ჯოლერი.
ესტონეთის სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთი ესტონეთში დაახლოებით 4 000 ადამიანს უხდის პენსიას, რომელთა უმრავლესობა საპენსიო ასაკისაა. მათგან 262 მხოლოდ რუსულ პენსიას იღებს, დანარჩენები კი იღებენ როგორც ესტონურ, ასევე რუსულ პენსიას.
ვინაიდან ამ პენსიონერების უმეტესობას ესტონეთში მუშაობის ხანგრძლივი სტაჟი აქვს, ისინი ესტონურ პენსიასაც იღებენ, რომელიც თვეში საშუალოდ 600 ევროს შეადგენს და რომელსაც ესტონეთი დროულად იხდის.
იმ პენსიების ყოველთვიური ოდენობა, რომელსაც რუსეთი იხდის, 14,87-დან 2800 ევრომდე მერყეობს.
ესტონეთი კვლავ იხდის პენსიებს რუსეთში
სამინისტრომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ესტონეთი ასრულებდა და ასრულებს სოციალური დაზღვევის საკითხზე რუსეთთან გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებულ თავის ვალდებულებებს და პენსიებს ურიცხავს დაახლოებით 5 400 ადამიანს, რომლებიც ამჟამად რუსეთში ცხოვრობენ და პენსია ესტონეთში ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობით დაიმსახურეს.
ზემოთ აღნიშნული რუსეთ-ესტონეთის შეთანხმების თანახმად, ესტონეთი ქვეყანაში მცხოვრებ რუს პენსიონერებს საპენსიო თანხას მხოლოდ მას შემდეგ იხდის, რაც შესაბამისი ფინანსური რესურსი რუსეთიდან გადმოირიცხება. ეს გადახდები ხორციელდება კვარტალში ერთხელ, არაუგვიანეს კვარტლის მეორე თვის 25-ე რიცხვისა. 2025 წლის პირველი კვარტლის შესაბამისი ფულადი სახსრები ესტონეთს ჯერ არ მიუღია.
სოციალური დაზღვევის საბჭოს განცხადებით, ესტონეთში მცხოვრებ რუს პენსიონერებს, რომლებიც პენსიის დაგვიანების გამო ძალიან დაზარალდნენ, შეუძლიათ, სოციალური დახმარებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართონ.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებისთვის დაბარებულმა რუსეთის საელჩოს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ რუსეთიდან ჩასარიცხი თანხების ადგილობრივ ბანკებში მიღებას ესტონეთი არ ბლოკავს.
2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისა და სანქციების დაწესების შემდეგ, ესტონეთში მცხოვრები რუსი პენსიონერებისთვის პენსიის გადახდა რუსეთმა არაერთხელ შეაფერხა.
წყარო: 1tv.ge