საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე/საავტომობილო გზების მონაკვეთებზე და გზისპირა ზონებში (ღერძიდან 200 მეტრი ორივე მხარეს) გზების მფლობელთან შეუთანხმებლად სამშენებლო საქმიანობის განხორციელება იკრძალება. ამას ითვალისწინებს მთავრობის 2026 წლის 12 თებერვლის დადგენილება.
კერძოდ, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, გზისპირა ზონაში ნებართვის გარეშე სამშენებლო საქმიანობის აკრძალვა 2026 წლის 19 თებერვლიდან ამოქმედდება.
უფრო კონკრეტულად, დადგენილების მიხედვით, სამშენებლო საქმიანობა გზების მფლობელებთან შეუთანხმებლად შემდეგ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებთან და საავტომობილო გზების მონაკვეთებთან იკრძალება:
- თბილისი-სენაკი-ლესელიძე (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) - საავტომობილო გზის კმ16+000 - კმ248+000 (თბილისის გასასვლელი - სამტრედიის კვანძი) მონაკვეთი;
- სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) - საავტომობილო გზის კმ48+000 - კმ122+900 (წყალწმინდის კვანძი - სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტი) მონაკვეთი;
- თბილისი-წითელი ხიდი (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) - საავტომობილო გზის კმ12+800 - კმ57+000 მონაკვეთი;
- თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) - საავტომობილო გზის კმ19+500 - კმ162+800 მონაკვეთი;
- მარნეული (კოსტავას ქუჩიდან) - სადახლო (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) - საავტომობილო გზის კმ18+000 - კმ34+000 მონაკვეთი;
- თბილისის შემოსავლელი - საავტომობილო გზის კმ0+000 - კმ49+000 მონაკვეთი;
- სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი - საავტომობილო გზის კმ0+000 - კმ56+200 მონაკვეთი.
ცნობისთვის, ახალი რეგულაცია მომზადებულია "საავტომობილო გზების სესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე. საავტმობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ცვლილება მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების დაცვას.
„ახალი რეგულაცია მომზადებულია „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე და მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების დაცვასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სატრანსპორტო სისტემის განვითარებას…
მნიშვნელოვანია, რომ გზების მიმდებარე ტერიტორიებზე ქაოტურმა და უნებართვო საქმიანობამ არ შეაფერხოს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, არ შექმნას უსაფრთხოების დამატებითი რისკები და არ დააზიანოს გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია.
გზისპირა ზონაში დაუკითხავი საქმიანობის შეზღუდვა უზრუნველყოფს გზების გამართულ და შეუფერხებელ ფუნქციონირებას“ - წერია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.