YouTube ამატებს AI-ზე დაფუძნებულ მუსიკის გენერატორს, რომელიც მარტივი ტექსტური ან ხმოვანი მოთხოვნის საფუძველზე პერსონალურ ფლეილისტებს შექმნის. ეს ფუნქცია გამომწერებს საშუალებას აძლევს, სწრაფად მოარგონ მუსიკა თავიანთ განწყობას და აღარ მოუწიოთ რეკომენდაციებში სასურველი ტრეკის ძიება.
ახალი ფუნქცია, სახელწოდებით “AI Playlist”, ეტაპობრივად ხელმისაწვდომი ხდება YouTube Music Premium და YouTube Premium გამომწერებისთვის iOS და Android მოწყობილობებზე. მომხმარებლებს შეუძლიათ აღწერონ, რისი მოსმენაც სურთ – ჟანრი, ემოცია ან კონკრეტული ვაიბი და რამდენიმე წამში მიიღონ ავტომატურად შექმნილი ფლეილისტი. კატეგორიებში ძიებისა და მხოლოდ ალგორითმულ რეკომენდაციებზე დაყრდნობის ნაცვლად, ახლა შესაძლებელია მოთხოვნის ფორმატში სასურველი მიქსის მიღება.
ინსტრუმენტი ინტეგრირებულია უშუალოდ YouTube Music-ის აპლიკაციაში. გამომწერები შედიან Library განყოფილებაში, აჭერენ New-ს და ირჩევენ AI Playlist-ს. ამის შემდეგ შეუძლიათ აკრიფონ ან ხმოვანი შეტყობინებით გააგზავნონ მოთხოვნა, მაგალითად: „raging death metal“, „sad post rock“ ან „90s classic hits“. სისტემა ინტერპრეტაციას უკეთებს მოთხოვნას და შესაბამის ფლეილისტს აგენერირებს.
ამ განახლებით, YouTube უერთდება სხვა სტრიმინგპლატფორმებს, სადაც მოთხოვნაზე დაფუძნებული მუსიკის მოსმენა ხდება შესაძლებელი. მაგალითად, Spotify-მაც დანერგა AI-ასისტირებული ფლეილისტების შექმნის ფუნქცია, რაც ინდუსტრიაში ინტერაქტიული ძიებისა და პერსონალიზაციისკენ გადასვლის ტენდენციას ასახავს.
მიუხედავად იმისა, რომ ფუნქცია AI მუსიკის გენერატორად არის წარმოდგენილი, ამ ეტაპზე ის ფოკუსირებულია ფლეილისტების შედგენაზე და არა სრულიად ახალი სიმღერების შექმნაზე. სისტემა იყენებს YouTube Music-ის არსებულ კატალოგს და არ ქმნის ორიგინალურ აუდიოტრეკებს. თუმცა ეს სიახლე YouTube-ის ფართო AI-სტრატეგიის ნაწილია. კომპანიამ უკვე წარადგინა კრეატორებისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტები, როგორიცაა Music Assistant, რომელიც ტექსტური მოთხოვნების საფუძველზე ქმნის საავტორო უფლებებისგან თავისუფალ ინსტრუმენტალურ ფონურ მუსიკას ვიდეოებისთვის.
YouTube-ს ჯერ არ გაუმჟღავნებია ტექნიკური დეტალები იმის შესახებ, როგორ უკავშირდება მომხმარებლის მოთხოვნა პლატფორმის კატალოგში არსებულ ტრეკებს, ან როგორ მუშავდება მოთხოვნები. ამ დროისთვის ფუნქციაზე წვდომა შეზღუდულია და ის მხოლოდ ფასიანი გამომწერებისთვის არის ხელმისაწვდომი მობილურ მოწყობილობებზე.