ავტომობილების განბაჟების გადასახადი მკვეთრი ზრდის გამო, ბაზარზე გაყიდვები მკვეთრად შემცირდა, ბიზნესში კი გამოსავლის ძიებაშია.
Carmark-ის დირექტორი ირაკლი კუხიანიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე კომპანიას გაყიდვების 65%-იანი ვარდნა აქვს, ხოლო ინდივიდუალური დილერები,, რომლებიც ავტომობილების რეალიზაციით იყვნენ დაკავებულები, ფაქტობრივად გაჩერებულნი არიან.
„დილერები ფაქტობრივად, გაჩერებულნი არიან. აქ 90-95%-იანი კლება გვაქვს. დაბნეულები არიან და არ იციან, რა მარკის და ფასის ავტომობილები წამოიყვანონ რეალიზაციისთვის,“ - აცხადებს ირაკლი კუხიანიძე.
მისივე განმარტებით, შექმნილი ვითარებაში ერთადერთი სეგმენტი რომელიც მუშაობს ე.წ „დაშლილებია“. ასეთ შემთხვევაში განბაჟება ბევრად იაფი ჯდება და ბიზნესიც მოგებიანია.
„მეორადი ნაწილების მიმართულებაა ძალიან გააქტიურებული, რადგან აღმოაჩინეს როგორ იმუშაონ - ყიდულობენ ძველ ავტომობილებს, ჭრიან ადგილზე აშშ-ში და როგორც ჯართი, როგორც ნაწილები, ისე შემოაქვთ და განბაჟება იაფი უჯდებათ. საერთო ჯამში მოგებიანია მათთვის და ამ მიმართულებაზე ზრდა გვაქვს“, - ამბობს „საქმის კურსთან“ კუხიანიძე.
ირაკლი კუხიანიძის თქმით, რეგულაციამ საინტერესო გავლენა მოახდინა მომხმარებლის ქცევაზე. იმის გამო, რომ საშუალო ასაკის ავტომობილების იმპორტი შეიზღუდა, მომხმარებლები არჩევანს კიდევ უფრო ძველ, 90-იანი წლების მოდელებზე აკეთებენ, რათა განბაჟების დაბალი ხარჯით ისარგებლონ.
„ვიღაცას ჰქონდა ფული, რომ უნდა ეყიდა 2017-იანი „მერსედესი“ ან „ტოიოტა“, მაგრამ რადგან იმ ფასად ვეღარ ყიდულობს 2020 წლის მოდელს, ცდილობს იყიდოს სხვა ბრენდი ან სულაც 95-96 წლის ავტომობილი, რადგან მათი განბაჟება იაფია და ბიუჯეტშიც ეტევა“ - აღნიშნავს რესპონდენტი.
შეგახსენებთ, 1 აპრილიდან აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის ძრავის მოცულობის 1 სმ3-ზე 1.5 ლარის ოდენობით განისაზღვრა, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის - 1 სმ3-ზე 4.5 ლარის ოდენობით.