ამ ეტაპზე ვერ წარმომიდგენია, რომ 2026 წელს შეთანხმებას მივაღწევთ. თუ შევცდები, სიამოვნებით ვაღიარებ ამას ყველგან, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა და დაამატა, რომ ევროკავშირს უკრაინა სჭირდება, როგორც ორგანიზაციის წევრი და ეს აუცილებლად მოხდება, თუმცა არსებობს რამდენიმე საკითხი, რაც ამ პროცესს აფერხებს, მათ შორის, საომარი მოქმედებებიც და თუ სამშვიდობო შეთანხმების მიღება გაჭიანურდება, ეს გაწევრიანების პროცესს კიდევ უფრო გააჭიანურებს.
"ჩვენ გვინდა, რომ უკრაინა რაც შეიძლება მალე იყოს ევროკავშირის ნაწილი. ჩვენ შეგვიძლია, ვიპოვოთ ფორმულა, რომელიც ალბათ ჩვენთვის შესაფერისი იქნება, მაგრამ ასევე უნდა გადავჭრათ ორი სხვა საკითხი. ჩვენ ასევე უნდა განვიხილოთ დასავლეთ ბალკანეთი, რადგან ევროკავშირმა დაკარგა მთელი სანდოობა ამ რეგიონში. ჩვენ მათ ბევრ რამეს ვპირდებოდით რეფორმების სანაცვლოდ, მაგალითად, ჩრდილოეთ მაკედონიის სახელის შეცვლის სანაცვლოდ. ჩვენ, დიდი ხანია, მათ ვპირდებით წევრობას. თუ უკრაინაზე ვსაუბრობთ, არ დაგვავიწყდეს მოლდოვაც, რადგან, დიახ, ეს პატარა ქვეყანაა, მაგრამ თუ უკრაინა შეუერთდება ევროკავშირს, მოლდოვის ამ საკითხში გამოტოვება არ შეგვიძლია. ასე რომ, საქმე მხოლოდ უკრაინას აღარ ეხება. საქმე ალბათ ყველაზე დიდ გაერთიანებულ გაფართოებას ეხება, თუმცა ალბათ სხვა წესებით. შემდეგ კი, დიახ, მართლაც, ძალიან სერიოზულ დისკუსიას უნდა დავუბრუნდეთ, თუ როგორი იქნება ევროკავშირის მთელი მენეჯმენტის, გადაწყვეტილების მიღების სტრუქტურა. [...] თარიღებთან დაკავშირებით, მოგვწონს თუ არა, ვფიქრობ, რომ ეს ახლა ძალიან მჭიდრო კავშირშია სამშვიდობო შეთანხმებასთან. იქნება თუ არა სამშვიდობო შეთანხმება? სრული გულწრფელობით, თუ ამას დღეს მკითხავთ, არ მგონია, რომ რუსეთმა გადადგას ნაბიჯი. თუ რუსეთი არ გადადგამს ამ ნაბიჯს, მაშინ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ. ძალიან ვაფასებ პრეზიდენტ ტრამპის, ევროპელი ლიდერების, პრეზიდენტ ზელენსკის ძალისხმევას, მაგრამ ახლა ბურთი რუსეთის მოედანზე. თუ რუსეთი არ იძვრის, მაშინ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რას ვიზამთ ევროპის გაფართოებასთან დაკავშირებით. შეგვიძლია თუ არა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე კონკრეტული თარიღის, 2027-ის დასახელება ახლა? გულწრფელად რომ ვთქვა, ამ ეტაპზე ვერ წარმომიდგენია, რომ 2026 წელს შეთანხმებას მივაღწევთ. თუ შევცდები, სიამოვნებით ვაღიარებ ამას ყველგან, მაგრამ ვერ ვხედავ რაიმე ნიშანს იმისა, რომ რუსებს სურთ ხელი მოაწერონ შეთანხმებას“, – განაცხადა ედგარს რინკევიჩმა.