OceanGate-ის წყალქვეშა ნავი Titan-ით ჩაძირული ტიტანიკის სანახავად წასულმა ტურისტებმა მოგზაურობაში 250 000 დოლარი გადაიხადეს. წყალქვეშა ნავი ოკეანეში 18 ივნისს გაუჩინარდა. 5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს ცნობილი გახდა, რომ 4 მგზავრისა და პილოტის სიცოცხლე, სავარაუდოდ, Titan-ის კორპუსის აფეთქებამ შეიწირა.
ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც წყალქვეშა ნავი და მისი ინტერიერი ჩანს: Titan-ს ლითონის მილისებური ინტერიერი აქვს, კაბინაში არ არის სკამები, სივიწროვეა და მგზავრები ნავის კედლებზე ზურგით მიყრდნობილი სხედან, კაბინაში ძალიან შეზღუდულია გადაადგილება და თითქმის შეუძლებელია ფეხზე დგომა. ჩაძირული წყალქვეშა ნავის სიგრძე 6.7 მეტრი იყო, სიმაღლე 2.5 მეტრი.

OceanGate-ის წყალქვეშა ნავი სამართავი პულტით, playstation-ის მსგავსი ჯოისტიკით იმართება, როცა წინ გინდა წასვლა - აჭერ წინ წასვლის ღილაკს, ასევე იქცევი უკან, ზევით და ქვევით გადაადგილებისას. კაბინაში შეზღუდული იყო ჰაერი, სივრცე, საჭმელი, წყალი, და კონტაქტი გარე სამყაროსთან. წყალქვეშა ნავს აქვს ტუალეტი და წყალქვეშა სივრცის საკონტროლო 3 ეკრანი.
„წყალქვეშა ნავზე სენდვიჩები და წყალია ხელმისაწვდომი, მაგრამ მგზავრები ღელვისა და ნერვიულობის გამო საჭმელს არ ითხოვენ და არც წყალქვეშა ნავის პრიმიტიული ტუალეტი გამოუყენებიათ. იძირები, როგორც ქვა 2.5 საათის განმავლობაში“, - იხსენებს „სიმპსონების“ პროდიუსერი მაიკ რიზი, რომელმაც OceanGate-ის წყალქვეშა აპარატით ჩაძირული ტიტანიკი გასულ წელს მოინახულა.

შეგახსენებთ, რომ დაკარგული წყალქვეშა ნავის პილოტი და ოთხივე მგზავრი დაიღუპნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტურისტული კომპანია OceanGate Expeditions-ი და აშშ-ის სანაპირო დაცვა ავრცელებს. წყალქვეშა ნავმა, რომელსაც მგზავრები ტიტანიკის ნამსხვრევების სანახავად გადაჰყავდა, წნევას ვერ გაუძლო და ნაწილებად დაიშალა, რის გამოც ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.
წყალქვეშა ნავის ბორტზე 5 ადამიანიდან 4-ის ვინაობა ცნობილია. ისინი იყვნენ: 58 წლის ბრიტანელი ბიზნესმენი და მკვლევარი ჰამიშ ჰარდინგი, 48 წლის პაკისტანელი მილიარდერი ბიზნესმენი შაჰზადა დავუდი, მისი 19 წლის შვილი, სულემან დავუდი და 77 წლის ფრანგი მკვლევარი პოლ-ჰენრი ნარგეოლე.