„ასოშიეტედ პრესის“ ინფორმაციით, ნავთობის ფასი გაიზარდა მას შემდეგ, რაც ირანში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ჰორმუზის სრუტეში ტანკერების გადაადგილება შეაფერხა.
ამ შეფერხებამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა, რამდენად მნიშვნელოვანია ჰორმუზის სრუტე მსოფლიოს ნავთობის მომარაგებისთვის.
ჰორმუზის სრუტე არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვაო „ენერგეტიკული კარიბჭე“, სპარსეთის ყურესა და ომანის ყურეს შორის მდებარე სტრატეგიული საზღვაო გასასვლელი.
ამ სრუტის გავლით გადის მსოფლიოს ნავთობის დაახლოებით მეხუთედი სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან: საუდის არაბეთიდან, ირანიდან, ერაყიდან, ქუვეითიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და კატარიდან.
სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ნავთობი ძირითადად მიდის ჩინეთის, ინდოეთის, იაპონიის, სამხრეთ კორეის, ევროპული ქვეყნების და აშშ-ის მიმართულებით, შესაბამისად, ჰორმუზის სრუტეში გადაადგილების ნებისმიერი შეფერხება ნავთობის ვაჭრობაზე დიდ გავლენას ახდენს.

ჰორმუზის სრუტე არის ვიწრო გასასვლელი სპარსეთის ყურესა და ომანის ყურეს შორის, საიდანაც გემები არაბეთის ზღვაში ხვდებიან
„ასოშიეტედ პრესი“ ესაუბრა საინვესტიციო მენეჯმენტ კომპანია Neuberger Berman-ის საინვესტიციო პორტფელის უფროს მენეჯერს, რომელმაც გამოცემას უთხრა, რომ თუ ჰორმუზის სრუტეში გემების მიმოსვლა ნაწილობრივ შეფერხდება, ნავთობკომპანიებს ამის გადატანა „ერთი-ორი კვირა შეეძლებათ“, მაგრამ თუკი ჰორმუზის სრუტე სრულად ან თითქმის სრულად ჩაიკეტება და ეს ჩაკეტვა ერთ თვეს ან მეტხანს გასტანს, ნედლი ნავთობის ფასი გაიზრდება.
2 მარტს ნედლი ნავთობის სავაჭრო ფასი დაახლოებით 70 დოლარის ფარგლებში იყო. თუ სრუტე ერთ თვეს ან მეტხანს ჩაიკეტება, ეს ნედლი ნავთობის ფასს „სამნიშნა მაჩვენებლებისკენ აიყვანს“, ხოლო ევროპაში ბუნებრივი გაზის ფასებს „2022 წელს დაფიქსირებულ კრიზისულ დონეებთან მიაახლოებს ან გადააჭარბებს.“
ჰორმუზის სრუტე გლობალური საზღვაო გადაზიდვებისთვის უმნიშვნელოვანესი საზღვაო გზაა. მისი სიგანე ყველაზე ვიწრო მონაკვეთში დაახლოებით 33 კილომეტრს (21 საზღვაო მილს) შეადგენს.
სრუტე სპარსეთის ყურეს ომანის ყურესთან აკავშირებს. იქიდან გემებს მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში გადაადგილება შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ სრუტეში ირანსა და ომანს საკუთარი ტერიტორიული წყლები აქვთ, იგი საერთაშორისო საზღვაო გზად მიიჩნევა, რომელშიც ყველა გემს შეუძლია გადაადგილება.
ამჟამად ჰორმუზის სრუტე ოფიციალურად დაკეტილი არ არის, თუმცა ტანკერების გადაადგილება მკვეთრად შემცირდა მას შემდეგ, რაც სატელიტური ნავიგაციის სისტემები შეფერხდა.
გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ვაჭრობის ოპერაციების ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სრუტის ორივე მხარეს მდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე გემზე თავდასხმა მოხდა და
გაიზარდა ელექტრონული ჩარევა იმ სისტემებში, რომლებიც გემების მდებარეობას აჩვენებს.
ასაფეთქებელი მოწყობილობით დატვირთული უპილოტო ნავი დაეჯახა მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ ნავთობტანკერს ომანის ყურეში, რომელიც აღმოსავლეთიდან სრუტეში შედიოდა. ოფიციალური ომანის განცხადებით, შეჯახების შედეგად ერთი მეზღვაური დაიღუპა.
თავის მხრივ ირანი ჰორმუზის სრუტესთან მიახლოებულ გემებს ემუქრება.
ირანის მუქარის და მზარდი საფრთხის გამო გლობალურმა საზღვაო გადამზიდავებმა გაავრცელეს შეტყობინებები, სადაც აღნიშნულია, რომ მათ რეგიონში ოპერაციები შეაჩერეს. დანიურმა გადამზიდავმა კომპანია Maersk-მა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი საზღვაო გადამზიდავია, 1-ელ მარტს განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში ყველა გემის გადაადგილებას შემდგომ შეტყობინებამდე აჩერებს.
მსგავსი განცხადებები გააკეთეს სხვა საზღვაო გადამზიდავებმაც, მათ შორის Hapag-Lloyd-მა, CMA-CGM-მა და MSC-მ.
„არავის სურს ამ გზით გადაადგილება და ამ ეტაპზე არცერთი სადაზღვევო კომპანია არ არის მზად, იქ გავლილი გადაზიდვების პასუხისმგებლობა აიღოს,“ – განუცხადა ტომ გოლდსბიმ, ტენესის უნივერსიტეტის მიწოდების ჯაჭვის მართვის დეპარტამენტის ლოგისტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა „ასოშიეტედ პრესს“.
კომპანია Kpler-ის შეფასებით, ახლო აღმოსავლეთის ყურეში ამჟამად იმყოფება 70 დატვირთული ნავთობტანკერი და 75 ე.წ. „სუფთა“ ტანკერი, რომლებიც გადამუშავებულ ნავთობპროდუქტებს ატარებენ და, როგორც ჩანს, სრუტეში გასავლელად ემზადებიან.
Kpler-ის მიხედვით, ეს დაახლოებით ორჯერ მეტია ჩვეულებრივ მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, დაახლოებით 60 ტანკერი ჰორმუზის სრუტის აღმოსავლეთით, ახლო აღმოსავლეთის ყურის გარეთ, მოლოდინის რეჟიმში დგას.
ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანის სხვადასხვა ობიექტების დაბომბვა, რასაც ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და არაერთი მაღალჩინოსანი ემსხვერპლა, 28 თებერვალს დაიწყო.
თუმცა ირანმა ამ მოვლენებამდე რამდენიმე დღით ადრე, თებერვლის შუა რიცხვებში ჰორმუზის სრუტის ნაწილი დროებით დახურა. ირანის განცხადებით სრუტის დახურვა სამხედრო წვრთნებს უკავშირდებოდა. შედეგად მომდევნო დღეებში ნავთობის ფასები დაახლოებით 6%-ით გაიზარდა.
ეს გადაწყვეტილება სრუტის იშვიათი, შესაძლოა უპრეცედენტო დახურვა იყო.
წარსულში დაძაბულობისა და კონფლიქტის დროს ირანი ზოგჯერ აფერხებდა ვიწრო სრუტეებში გადაზიდვებს, ხოლო 1980-იანი წლების ირან-ერაყის ომის დროს ორივე მხარე თავს ესხმოდა ტანკერებსა და სხვა გემებს, საზღვაო ნაღმების გამოყენებით მთლიანად გადაკეტეს მოძრაობა ამ ადგილებში.
თუმცა, 1980-იანი წლებიდან მოყოლებული, ირანს არ გაუმეორებია მუქარა საზღვაო გზის სრულად დახურვის შესახებ. მათ შორის არც 2025 წლის ივნისში, 12-დღიანი ომის დროს, როდესაც ისრაელმა და აშშ-მ დაბომბეს ირანის ძირითადი ბირთვული და სამხედრო ობიექტები.
ჰორმუზის სრუტე ვაჭრობისთვის ისტორიულად მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ამ გზით ჩინეთიდან რეგიონში გადაჰქონდათ კერამიკა, სპილოს ძვალი, აბრეშუმი და ტექსტილი. თანამედროვე ეპოქაში კი იგი მარშრუტია ტანკერების, რომლებსაც ნავთობი და გაზი გადააქვთ საუდის არაბეთიდან, ქუვეითიდან, ერაყიდან, კატარიდან, ბაჰრეინიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და ირანიდან.
ნავთობპროდუქტების აბსოლუტური უმრავლესობა აზიის ბაზრებისკენ მიემართება, მათ შორის ჩინეთში.
საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში არსებობს ნავთობსადენები, რომლებიც ჰორმუზის სრუტის გავლას თავიდან აცილების საშუალებას იძლევა. თუმცა აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის განცხადებით, „სრუტეში ტრანზიტით გამავალი პროდუქტების უმეტესობას რეგიონიდან გასვლის ალტერნატიული საშუალება არ გააჩნია“.