რა სარგებელს მიიღებს სომხეთი თურქეთთან საზღვრის გახსნით. სომხური მედია ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროზე დაყრდნობით კონკრეტულ რიცხვებზე წერს.
ამჟამად სომხეთსა და თურქეთს შორის ტვირთების გადაზიდვა ძირითადად საქართველოს გავლით ხორციელდება. 2022 წლის ბოლოს თურქეთმა სომხეთში საჰაერო გზით შეიტანა 3,1 ტონა ტვირთი, ხოლო საქართველოს გავლით სატვირთო მანქანებით 24 903.8 ტონა. ამრიგად, თურქეთიდან სომხეთში ექსპორტის მოცულობის ლომის წილი, კერძოდ, 99,9% მოდის სახმელეთო მარშრუტზე (საქართველოს ტერიტორიის გავლით), ხოლო საჰაერო გზით ხდება მხოლოდ 0,01%-ის მიწოდება.
საზღვრის გახსნის შემთხვევაში ტვირთების გადაზიდვა სომხეთიდან თურქეთში და საპირისპირო მიმართულებით შეიძლება განხორციელდეს სამი მიმართულებით: ახურიკის (შირაქის რაიონი), მარგარას (არმავირის ოლქი) და გუშაკერტის (არმავირის ოლქი) გავლით. ამ სამი მიმართულებიდან რომელზე გაივლის მარშრუტი ამ დროისთვის უცნობია, საკითხი გაირკვევა კონკრეტული მარშრუტების დადგენისა და საზღვრის ოფიციალურად გახსნის შემდეგ. ამავდროულად, საზღვრის გახსნით მიღებული სარგებლის საბოლოო გათვლები არ არსებობს, ვინაიდან ამ მიმართულებით მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
თუმცა, სარგებელი უკვე აშკარაა. ერევანი-მარგარა-სტამბოლის მარშრუტზე ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში მცირდება სატვირთო ავტომობილის გზაზე გატარებული დრო და საწვავის ხარჯიც. ამჟამად სატვირთო მანქანები თურქეთიდან სომხეთამდე და უკან მოძრაობენ ერევანი-ბავრა-ახალქალაქი-სტამბოლი მარშრუტის გასწვრივ, მარშრუტის სიგრძე 1755 კმ. ამის ნაცვლად ერევანი-მარგარა-სტამბულის გზის სიგრძე 1570 კმ იქნება.
სამინისტრომ გამოთვალა, რომ ახალი მარშრუტით ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში, 40 ტონიანი (ტრანსპორტის წონას პლუს ტვირთის წონა) სატვირთო მანქანის მგზავრობის დრო თითქმის სამი საათით შემცირდება, ხოლო საწვავის ეკონომია იქნება 75 ლიტრი (თითქმის $100 ღირებულების).
გარდა ამისა, გადამზიდავ კომპანიებს არ მოუწევთ მესამე ქვეყნისთვის ტრანზიტის საფასურის გადახდა, ამ შემთხვევაში საქართველოსთვის. უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ სომხეთ-თურქეთის საზღვრის შესაძლო გახსნა არ იმოქმედებს სომხურ-ქართული ვაჭრობის მოცულობაზე.
რაც შეეხება სომხეთიდან ევროკავშირის ქვეყნებში თურქეთის გავლით ტვირთების გადაზიდვას, უწყებაში აღნიშნავენ, რომ ეს შესაძლებელია განხორციელდეს საერთაშორისო ავტოგადაზიდვებზე ტრანსპორტის მინისტრთა ევროპული კონფერენციისა და ტრასეკას მხრიდან გაცემული კვოტირების ნებართვის საფუძველზე.
თუმცა, მოთხოვნის ნაკლებობის გამო, ტვირთების გადაზიდვა ევროკავშირის ქვეყნებში თურქეთის გავლით არ ხორციელდება. ამ მიზეზით, არ არსებობს მკაფიო მონაცემები შესაძლო მოცულობის შესახებ.
თურქეთსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა ოფიციალურ დონეზე არ არსებობს, ორ ქვეყანას შორის საზღვარი 1993 წლიდან ჩაკეტილია. თუმცა, წელს ქვეყნებს შორის მიღწეული იქნა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნა ზაფხულისთვის იგეგმება მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის, ასევე დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის. ამჟამად სომხური მხარე ახორციელებს სამუშაოებს თურქეთთან საზღვარზე „მარგარას“ გამშვები პუნქტის ტექნიკურ აღჭურვაზე, რათა ის მიმდინარე წლის ზაფხულისთვის ამოქმედდეს.