აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპის Bloomberg-ის მსოფლიოს 500 უმდიდრეს ადამიანს შორის 415 ადგილს იკავებს. ამავე მონაცემების მიხედვით, ტრამპის ქონება 7.16 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.

რაც შეეხება Forbes რეიტინგს, ამ შემთხვევაში დონალდ ტრამპი უმდიდრეს ადამიანებს შორის 472-ე ადგილზეა. ამავე მონაცემებით, მისი წმინდა ქონება 6.7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

ცნობისთვის, ტრამპის შემოსავლების უდიდესი ნაწილი Trump Media&Technology Group-ში მის წილებს უკავშირდება. აღსანიშნავია ისიც, რომ არჩევნების შემდეგ აქციების ფასი მზარდი ტენდენციით იზრდებოდა, რამაც ტრამპს მხოლოდ 2024 წელს ქონების 3.6 მილიარდით ზრდა მოუტანა.

2025 წლის იანვრის მდგომარეობით, ამერიკის შეერთებული შტატების კოდექსის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტი ხელფასის სახით წელიწადში $400,000-ს იღებს, რომელიც მას ყოველთვიურად, შესაბამისი ოდენობით ერიცხება.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის. აშშ-ის პრეზიდენტები წლიურად 50,000 აშშ დოლარის დანამატს იღებენ. გარდა ამისა, მათ სამოგზაურო ანგარიშზე დამატებით 100,000 აშშ დოლარი ერიცხებათ, 19,000 აშშ დოლარის ბიუჯეტი კი ოფიციალური გართობისთვის აქვთ გამოყოფილი. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი გამოუყენებელი თანხა აშშ-ის ხაზინას უბრუნდება.

ხელფასისა და დანამატების გარდა, აშშ-ის ლიდერები სერიოზული პრივილეგიებითაც სარგებლობენ. მაგალითად, პრეზიდენტი და მისი ოჯახი თეთრ სახლში ქირის გადასახადის გარეშე ცხოვრობს. 5,109 კვადრატული მეტრის უძრავი ქონება 132 ოთახს მოიცავს. მათ შორის, შენობაში განთავსებულია კინოთეატრი, ბოულინგის სათამაშო სივრცე და ყვავილების მაღაზიაც კი.

აშშ-ის პრეზიდენტის ხელფასი ბოლოს 1999 წელს შეტანილი შესწორებით გაიზარდა. ეს გასულ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვანი მატება იყო. თუმცა, მიუხედავად ამ ნომინალური ზრდისა, ხელფასმა, დროთა განმავლობაში ინფლაციის მიხედვით კორექტირებისას, ღირებულება დაკარგა.

წარსულში აშშ-ის პრეზიდენტების მცირე ნაწილმა ხელფასზე უარი თქვა. მათ შორის იყო მილიარდერი დონალდ ტრამპი, რომელსაც ყოველწლიურად 400 000 დოლარი უნდა აეღო. ამის ნაცვლად, ხელფასიდან მხოლოდ $1 დაიტოვა, დანარჩენი კი სხვადასხვა სამთავრობო უწყებას გადასცა, მათ შორის ეროვნული პარკის სამსახურს, აშშ-ის ქირურგიის გენერალურ ოფისს, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტსა და ა.შ.

თუმცა, პარალელურად, ტრამპის ქონება სასტუმროების, გოლფის მოედნებისა და სხვა ბიზნესების მეშვეობით იზრდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, პირველი პრეზიდენტობის პერიოდში, მან $1.6 მილიარდის შემოსავალი მიიღო. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, რომლის ინაუგურაციაც 20 იანვარს არის დაგეგმილი, ამერიკული Forbes-ის შეფასებით, ამ დროისთვის $6.8 მილიარდის ქონებას ფლობს. ეს მას მილიარდერების რეიტინგში 452-ე ადგილს ანიჭებს.

შეგახსენებთ, ხვალ, 20 იანვარს, ამერიკის შეერთებულ შტატებში 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება. დონალდ ტრამპი ინაუგურაციისთვის ვაშინგტონში ჩაფრინდა. აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენის მიერ გაგზავნილი სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავით იმგზავრა. აეროპორტიდან ტრამპი საკუთარ გოლფკლუბში გაემართა, სადაც დაახლოებით 500 სტუმრისთვის გათვლილ საფეიერვერკო შოუს უმასპინძლა.

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარი კრიპტოვალუტა $TRUMP გამოუშვა. მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდა 200 მილიონი მონეტა, ხოლო სამი წლის განმავლობაში საერთო მიწოდება ერთ მილიარდამდე გაიზრდება. გამოშვებიდან პირველ საათებში მემკოინ $TRUMP-ის კაპიტალიზაციამ სამ მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო საათ-ნახევრის შემდეგ ოთხ მილიარდს გადააჭარბა.

პროექტის ვებგვერდი შეიცავს მის ფრაზას “იბრძოლე, იბრძოლე, იბრძოლე”, რომელიც მან 2024 წლის ზაფხულში მკვლელობის მცდელობის შემდეგ თქვა. სხვათა შორის, ადრე კრიპტოვალუტებს თაღლითობას უწოდებდა, აზრი საარჩევნო კამპანიის დროს შეიცვალა. ტრამპი ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ აშშ-ს კრიპტოვალუტის მსოფლიო დედაქალაქად გადააქცევს.

ოფიციალურ ღონისძიებებს ტრამპის საინაუგურაციო კომიტეტი აფინანსებს, რომლის თავმჯდომარეებიც უძრავი ქონების დეველოპერი და ტრამპის დიდი ხნის მოკავშირე, სტივ უიტკოფი, რომელიც ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა, და ყოფილი ამერიკელი სენატორი, კელი ლოფლერია, რომელიც ტრამპმა მცირე ბიზნესის ადმინისტრაციის უფროსად დანიშნა.

კომიტეტი ყველანაირი ხარჯის დაფარვაზე იქნება პასუხისმგებელი გარდა კაპიტოლიუმში ფიცის დადების ცერემონიისა, რომლის ხარჯიც გადასახადების გადამხდელები ფარავენ.

აღსანიშნავია, რომ ჯეფ ბეზოსმა და მარკ ზაკერბერგმა სათითაოდ ტრამპის საინაუგურაციო კომიტეტს $1 მილიონი შესწირეს, ისევე როგორც Apple-ის CEO-მ ტიმ კუკმა და OpenAI-ის CEO-მ სემ ალტმანმა. ხოლო Uber-მა და მისმა CEO-მ ფონდს ცალ-ცალკე შესწირეს $1 მილიონი.

მედიის ცნობით, ტრამპის კომიტეტმა წელს ინაუგურაციისთვის $170 მილიონი ააგროვა, რაც ბევრად აღემატება 2017 წლის ღონისძიებებისთვის აგროვებულ $106.7 მილიონს.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მომავალი კვირიდან მიგრანტების წინააღმდეგ მასშტაბური რეიდების დაწყებას გეგმავს, რომელთა მთავარი მიზანი უკანონო მიგრანტების დეპორტაციაა. მოსალოდნელია, რომ პირველი რეიდი ჩიკაგოში, 21 იანვარს, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ მეორე დღიდან დაიწყება და მთელი კვირა გაგრძელდება. აშშ-ს მიგრაციისა და საბაჟო აღსრულების სამსახური (ICE) ოპერაციის გასატარებლად 100-დან 200-მდე თანამშრომლის გაგზავნას აპირებს. გამოცემის თანახმად, რეიდის მთავარი სამიზნე "ქვეყანაში არალეგალურად მყოფი, კრიმინალური წარსულის მქონდე იმიგრანტები იქნებიან".