"ღირსებით ვფიცავ, რომ კეთილსინდისიერად შევასრულებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას და შეძლებისდაგვარად გავაკეთებ ყველაფერს, რათა გავუფრთხილდე, შევინარჩუნო და დავიცვა ამერიკის კონსტიტუცია" - 20 იანვარს ვაშინგტონში დონალდ ტრამპი მეორედ წარმოთქვამს ამერიკის დაარსებიდან მოყოლებული ქვეყნის ყოველი არჩეული პრეზიდენტის მიერ ინაუგურაციის დღეს წარმოთქმულ უცვლელ სიტყვებს და თეთრ სახლში კიდევ ერთი ვადით დაბრუნდება.

ისტორიულ არჩევნებში წარმატების მოპოვებით შთაგონებული ტრამპი ინაუგურაციის დღეს მილოცვას სიხარულით მიიღებს მისი ოჯახის, მეგობრების, ახლობლებისა და თანამოაზრეების მხრიდან, მაგრამ ასევე მეტოქეების, ყოფილი თანამებრძოლებისა და ზოგიერთ შემთხვევაში, მტრებისგან მიღებულ მილოცვებსაც შეიფერებს, რადგან ეს მას კარგად გამოსდის.

ამ დღეს ამერიკის 47-ე პრეზიდენტი 15-20 წუთში და დაახლოებით 2 000-მდე სიტყვით შეეცდება, ქვეყანა, დროებით მაინც, საერთო სულისკვეთებით განაწყოს და ამის ფონზე მომავალი ოთხი წლის მანძილზე მოსალოდნელი გამოწვევების მიუხედავად, საკუთარი ხედვა და მიზნები დასახოს.

ტრამპის ინაუგურაცია, გარდა იმისა, რომ ერთიანობისა და ნათელი მომავლის თემებით იქნება გაჯერებული, იგი ასევე უპრეცედენტოც იქნება. თანამედროვე ისტორიაში პირველად, ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციას უცხო ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან, თანაც - მრავლად; ტრამპი იქნება მეორე ადამიანი ქვეყნის ისტორიაში, გროვერ კლივლენდის შემდეგ, რომელიც პრეზიდენტის თანამდებობას ორი არათანმიმდევრული ვადით დაიკავებს და წარსულ გამოცდილებაში რთულად ვიპოვით ისეთ ადამიანს, რომლის ინაუგურაციასაც იმდენი მოწინააღმდეგე ან მეტოქე ესწრებოდა, რამდენიც ტრამპის პრეზიდენტად დანიშვნის ცერემონიას დაესწრება.

როგორც ჩანს, უპრეცედენტოების თვისება არა მხოლოდ ტრამპის ინაუგურაციის დღეს დაახასიათებს, არამედ დიდი ალბათობით მის პრეზიდენტობასაც განსაზღვრავს. მსოფლიოში ამჟამად არსებულ ვითარებას ბოლო წლებთან შედარებით გამოარჩევს ის, რომ  დღესდღეობით ცალკეულ რეგიონებში, სხვადასხვა კუთხით, ნაირგვარი სახის მქონე ხელშესახები და პოტენციური გამოწვევების თანადროულობა და მათი ურთიერთდამოკიდებულება თვალშისაცემია:

ირანი იმაზე უფრო ახლოს არის ბირთვული იარაღის მოპოვებასთან, ვიდრე არასდროს; უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე ომი, გარდა იმისა, რომ ახალ ფორმებს აძლევს თანამედროვე ომის შესახებ ჩვენს წარმოდგენებს, კიდევ უფრო გადამწყვეტი მნიშვნელობის მისი დასასრული იქნება; უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, მანამდე არნახულ ტემპსა და მასშტაბებს მიაღწია ე.წ. "გადატრიალების ღერძის" ქვეყნებს (რუსეთი, ირანი, ჩრდ. კორეა და ჩინეთი) შორის თანამშრომლობამ; ჩინეთის განვითარება კიდევ უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს ამერიკის წინამძღოლობით არსებული მსოფლიო წესრიგისთვის; ამას გარდა, მუდმივად შესამჩნევია “ხელოვნური ინტელექტის” განვითარებასთან დაკავშირებით მიმდინარე რბოლა.

ამგვარად, მსგავს რეალობაში ტრამპის ინაუგურაციით დაიწყება 4-წლიანი პერიოდი, რომლის მანძილზეც თავისუფალი სამყაროს ლიდერის მიერ არჩეულ სტრატეგიას, მოკლევადიანი გადაწყვეტილებებსა და დაშვებულ შეცდომებს საბედისწერო გავლენა ექნება მომავალზე და, თავის მხრივ, ტრამპის პრეზიდენტობის დანატოვარს განსაზღვრავს.

ვინ დაფარავს ღონისძიების ხარჯებს

ოფიციალურ ღონისძიებებს ტრამპის საინაუგურაციო კომიტეტი აფინანსებს, რომლის თავმჯდომარეებიც უძრავი ქონების დეველოპერი და ტრამპის დიდი ხნის მოკავშირე, სტივ უიტკოფი, რომელიც ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა, და ყოფილი ამერიკელი სენატორი, კელი ლოფლერია, რომელიც ტრამპმა მცირე ბიზნესის ადმინისტრაციის უფროსად დანიშნა.

კომიტეტი ყველანაირი ხარჯის დაფარვაზე იქნება პასუხისმგებელი გარდა კაპიტოლიუმში ფიცის დადების ცერემონიისა, რომლის ხარჯიც გადასახადების გადამხდელები ფარავენ.

აღსანიშნავია, რომ ჯეფ ბეზოსმა და მარკ ზაკერბერგმა სათითაოდ ტრამპის საინაუგურაციო კომიტეტს $1 მილიონი შესწირეს, ისევე როგორც Apple-ის CEO-მ ტიმ კუკმა და OpenAI-ის CEO-მ სემ ალტმანმა. ხოლო Uber-მა და მისმა CEO-მ ფონდს ცალ-ცალკე შესწირეს $1 მილიონი.

მედიის ცნობით, ტრამპის კომიტეტმა წელს ინაუგურაციისთვის $170 მილიონი ააგროვა, რაც ბევრად აღემატება 2017 წლის ღონისძიებებისთვის აგროვებულ $106.7 მილიონს.

საინაუგურაციო ცერემონიის გეგმები

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერის, მაიკ ჯონსონის გადაწყვეტილებით, ტრამპის ინაუგურაციის დღეს დროშები აღმართული იქნება მიუხედავად იმისა, რომ დეკემბერში გარდაცვლილი ყოფილი პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის პატივსაცემად პრეზიდენტის ბრძანებით დროშები წინა დღეებში დაშვებული იქნება.

ამასთანავე, ცერემონია თანამედროვე დროში ერთ-ერთი ყველაზე ცივი იქნება. ეროვნული ამინდის სამსახური პროგნოზირებს, რომ კაპიტოლიუმზე 20 იანვრის დღეს -4°C-იანი ყინვა იქნება, ხოლო ღამით - -13°C-იანი. ამის გამო, ტრამპის ინაუგურაცია კაპიტოლიუმის როტონდაში გაიმართება, როგორც ეს, იმავე მიზეზების გამო, პრეზიდენტი რონალდ რეიგანის შემთხვევაში მოხდა 1985 წელს.

ტრამპის საინაუგურაციო ღონისძიებები შაბათ-კვირას დაიწყება:

შაბათს, 18 იანვარს, ვირჯინიის შტატში მდებარე ტრამპის გოლფის კლუბში მიღება იქნება ფეიერვერკებთან ერთად, რის შემდეგაც კაბინეტის მიღება და ვიცეპრეზიდენტის ვახშამია დაგეგმილი.

კვირას, 19 იანვარს, არლინგტონის ნაციონალურ სასაფლაოზე უცნობი ჯარისკაცის საფლავს ტრამპი ყვავილების გვირგვინით შეამკობს, რის შემდეგაც იგი ვაშინგტონში "გამარჯვების ყრილობაზე" მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავს და საღამოს ვახშამზეც სიტყვით გამოვა.

ინაუგურაციის დღე, 20 იანვარი, დილით წმინდა იოანეს ეკლესიაში მსახურებით დაიწყება, შემდეგ თეთრ სახლში ბაიდენებისა და ტრამპების ოჯახები ჩაის დალევის ფორმატში ერთმანეთს შეხვდებიან.

ცერემონიის მთავარი მოვლენა - ტრამპის მიერ კაპიტოლიუმის როტონდაში ფიცის დადება - ვაშინგტონის დროით 12:00 საათზე (საქართველოს დროით 21:00 სთ) გაიმართება, რასაც დიდი ალბათობით აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლე ჯონ რობერტსი გაუძღვება. ტრამპამდე ფიცს მისი ვიცეპრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი, მარჯვენა ხელის აწევით, ხოლო მარცხენა ხელის ბიბლიაზე დადებით, ფიცს იტყვის.

ვიცეპრეზიდენტის შემდეგ, ტრამპი დადებს ფიცს, იმ სიტყვების წარმოთქმით, რომელიც უცვლელია მას შემდეგ, რაც ჯორჯ ვაშინგტონი აშშ-ს პირველი პრეზიდენტი გახდა 1789 წელს: "ღირსებით ვფიცავ, რომ კეთილსინდისიერად შევასრულებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას და შეძლებისდაგვარად გავაკეთებ ყველაფერს, რათა გავუფრთხილდე, შევინარჩუნო და დავიცვა ამერიკის კონსტიტუცია".

ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ, დონალდ ტრამპი, უკვე აშშ-ს 47-ე პრეზიდენტი, ამერიკელ ხალხს სიტყვით მიმართავს და საკუთარ ხედვას წარუდგენს.

ტრამპსა და ვენსს კაპიტოლიუმის შენობაში ლანჩი ექნებათ, ისინი აღმოსავლეთის კიბეებიდან ამერიკელი სამხედროების აღლუმს დააკვირდებიან, (თუკი სიცივის გამო ეს ღონისძიებაც არ გაუქმდა) ხოლო პარალელურად ჯო და ჯილ ბაიდენები ფორმალურად დატოვებენ თეთრ სახლს ვერტმფრენის მეშვეობით. ფიცის დადებისა და სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ტრამპი მთელი საღამოს განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებაზე, საინაუგურაციო ბალსა და წვეულებებზე გამოჩნდება, რის შემდეგაც იგი თეთრ სახლში გადავა.

რა სიტყვით მიმართავს ტრამპი ამერიკელ ხალხს

ვარაუდობენ, რომ ტრამპის სიტყვით გამოსვლა ამჯერად ხაზს გაუსვამს "ერთიანობასა" და "სინათლეს", განსხვავებით 2017 წლის საინაუგურაციო სიტყვისგან, როდესაც სიტყვები "ამერიკული სასაკლაო" მისი უარყოფითი გზავნილის ქვაკუთხედი იყო.

ჯერჯერობით უცნობია, ექნება თუ არა ტრამპის სიტყვას მისთვის დამახასიათებელი ესქატოლოგიური რიტორიკის ელემენტები, თუმცა, მის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები შედარებით სამხიარულო განწყობისკენ მიანიშნებენ.

დაგეგმილ ღონისძიებებს შორის არის ლოცვის მსახურება "ერთი ამერიკა, ერთი სინათლე" და "ვახშამი სანთლის შუქზე" დონორებისთვის, ხოლო ერთ-ერთ საინაუგურაციო ბალს ერქმევა "მთვარის შუქის ბალი".

ტრამპის საინაუგურაციო გეგმებზე ინფორმირებულმა პირმა გამოცემა Axios-ს განუცხადა, რომ "სინათლე განასახიერებს იმედს, ახალი დასაწყისს, იგი განასახიერებს გზას წინ". მისი თქმით, სინათლე ინაუგურაციის თემად შეარჩიეს, მაგრამ ეს ასევე ბოლო თვეების მანძილზე ტრამპის გუნდის "სახელმძღვანელო პრინციპი" იყო.

საინაუგურაციო გეგმებზე საუბრისას დეკემბერში NBC News-თან ინტერვიუში დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მისი სიტყვით გამოსვლის მთავარი გზავნილი "ერთიანობა" იქნება.

"ვფიქრობ, წარმატება ხალხს აერთიანებს, და მე ეს გამოცდილი მაქვს". - თქვა ტრამპმა და დაამატა, რომ ინაუგურაცია "ქვეყნის გამთლიანების შესახებ იქნება".

ვინ დაესწრება ინაუგურაციას

ადგილობრივი და ფედერალური მაღალჩინოსნები მოელიან, რომ ინაუგურაციის სანახავად ვაშინგტონში 200 000-ზე მეტი ადამიანი მივა. ღონისძიებას ასევე აშშ-ს სენატორები, წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენები და მომავალი ადმინისტრაციის სტუმრებიც დაესწრებიან.

ტრამპის, მისი ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსისა და მათი ოჯახების შემდეგ, ინაუგურაციაზე ყველაზე მნიშვნელოვანი დამსწრე წარმავალი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და მისი ვიცეპრეზიდენტი კამალა ჰარისი იქნებიან, თავიანთ მეუღლეებთან ერთად.

ბაიდენმა ჯერ კიდევ დეკემბერში თქვა, რომ იგი ტრამპის ინაუგურაციას "რა თქმა უნდა" დაესწრებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა მისი ინაუგურაცია 2021 წელს გამოტოვა მას შემდეგ, რაც არჩევნებში წაგების აღიარებაზე უარი განაცხადა.

ტრადიციულად, პრეზიდენტის ინაუგურაციას აშშ-ს ყველა ცოცხალი ყოფილი პრეზიდენტი ესწრება. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ბაიდენის გარდა, ღონისძიებას ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონიც დაესწრებიან. მათთან ერთად იქნებიან ყოფილი პირველი ლედი ლორა ბუში და ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, ხოლო მიშელ ობამას სამსახურმა განაცხადა, რომ ყოფილი პირველი ლედი ტრამპის მეორე ინაუგურაციას არ დაესწრება. მიშელი მანამდე ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერის დაკრძალვაზეც არ გამოცხადებულა, განრიგის შეუთანხმებლობის გამო.

ამასთანავე, ტრამპის ინაუგურაციაზე ჩამოსვლას მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერი ან მათი წარმომადგენელი აპირებს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის არქივის მიხედვით, 1874 წლის შემდეგ პრეზიდენტის ინაუგურაციას არცერთი მსოფლიო ლიდერი არ დასწრებია. შესაბამისად, ტრამპის ინაუგურაცია ამ მხრივ უცხოელი ლიდერებისთვის უპრეცედენტო იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, ინაუგურაციაზე ჩავა არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, რომელიც პირველი ლიდერი იყო, რომელმაც ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ცნობების მიხედვით, ტრამპმა ღონისძიებაზე დასასწრებად ასევე სალვადორის პრეზიდენტი ნაიბ ბუკელე და იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონიც მიიწვია. ამერიკაში ჩასვლის გეგმები ჯერჯერობით მათგან მხოლოდ მელონიმ დაადასტურა.

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინფინგი ინაუგურაციას პირადად არ დაესწრება, თუმცა იგი აშშ-ში თავის ვიცეპრეზიდენტს, ხან ჭენგს გზავნის. ამას გარდა, საბრალდებო აქტით სამართალდარღვევაში დადანაშაულებულმა ბრაზილიის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარომ X-ზე დაწერა, რომ მას ღონისძიებისთვის მისაწვევი მიუვიდა და იგი პასპორტის დაბრუნებას ცდილობს, რათა ღონისძიებაზე დასწრება შეძლოს.

აშშ-ში ჩავა გაერთიანებული სამეფოს "რეფორმების პარტიის" ლიდერი ნაიჯელ ფარაჟიც, ბოლო პერიოდში ტრამპის ახლო მოკავშირე, ბიზნესმენ ილონ მასკთან საჯარო უთანხმოების მიუხედავად. Politico-ს ცნობით, ინაუგურაციაზე ასევე მიიწვიეს ულტრამემარჯვენე ფრანგი პოლიტიკოსი ერიკ ზემური და ევროპარლამენტარი სარა კნაფოც.

პოლიტიკოსების გარდა, აშშ-ს მომავალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე არანაკლებ მრავლად იქნებიან მილიარდერები ამერიკის მოწინავე ტექნოლოგიური კომპანიებიდან. ღონისძიებაზე იქნება Tesla-ს და SpaceX-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი (CEO) ილონ მასკი (ქონება: $423 მილიარდი); Meta-ს CEO მარკ ზაკერბერგი (ქონება: $205 მილიარდი); Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი (ქონება: $232 მილიარდი).

ამასთანავე, ცნობების მიხედვით, ღონისძიებაზე დასწრებას აპირებს OpenAI-ის CEO სემ ალტმანიც. ტრამპთან ახლო კავშირის მქონე სხვა მილიარდერების გარდა, ინაუგურაციაზე იქნება TikTok-ის CEO შოუ ჩიუც. ინაუგურაციაზე ჩიუს დასწრების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ ვრცელდება, რაც ცნობილი გახდა, რომ ტრამპი სავარაუდოდ განიხილავს, გზებს, რათა TikTok აშშ-ში აკრძალვას "გადაარჩინოს".

ვინ იმღერებს ცერემონიაზე

ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიაზე სიმღერას აპირებს ქანთრის მომღერალი ქერი ანდერვუდი, რომელიც "America the Beautiful"-ს შეასრულებს.

"მე მიყვარს ჩვენი ქვეყანა და ჩემთვის პატივია, რომ ინაუგურაციაზე სიმღერა მთხოვეს და რომ ამ ისტორიული მოვლენის მცირე ნაწილი ვიქნები". - თქვა ანდერვუდმა განცხადებაში. მისი თქმით, ინაუგურაციაში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილება "ერთიანობის სულისკვეთებით" მიიღო.

ღონისძიებაზე იმღერებენ ტრამპის დიდი ხნის მეგობარი და დამხმარე, ასევე ქანთრის მომღერალი, ლი გრინვუდი და საოპერო მომღერალი კრისტოფერ მაჩიო.

კვირას, ინაუგურაციის წინა დღეს, ტრამპის გამარჯვების ყრილობაზე და შემდგომ 20 იანვარს, მის ერთ-ერთ საინაუგურაციო იმღერებს დისკო ჯგუფი The Village People, რომელთა სიმღერებსაც YMCA და Macho Man ტრამპი ხშირად იყენებდა წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში საკუთარ ყრილობებზე.

"ვიცით, რომ ეს ზოგიერთ თქვენგანს არ გაგახარებთ, თუმცა, ჩვენ გვჯერა, რომ მუსიკა პოლიტიკის მიუხედავად უნდა იყოს შესრულებული". - თქვა ჯგუფმა Facebook-ზე გავრცელებულ პოსტში.

მათი თქმით, "YMCA გლობალური ჰიმნია, რომელიც, იმედია, ჩვენს ქვეყანას გამთლიანებაში დაეხმარება ხმაურიანი და დაყოფილი კამპანიის შემდეგ, რომელშიც ჩვენმა რჩეულმა კანდიდატმა წააგო".

წყარო: tabula.ge