ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მომავალი კვირიდან მიგრანტების წინააღმდეგ მასშტაბური რეიდების დაწყებას გეგმავს, რომელთა მთავარი მიზანი უკანონო მიგრანტების დეპორტაციაა. ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს, რომელიც ოპერაციის დაგეგმვასთან დაკავშირებულ ოთხ წყაროს ეყრდნობა.
მოსალოდნელია, რომ პირველი რეიდი ჩიკაგოში, 21 იანვარს, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ მეორე დღიდან დაიწყება და მთელი კვირა გაგრძელდება. აშშ-ს მიგრაციისა და საბაჟო აღსრულების სამსახური (ICE) ოპერაციის გასატარებლად 100-დან 200-მდე თანამშრომლის გაგზავნას აპირებს.
გამოცემის თანახმად, რეიდის მთავარი სამიზნე "ქვეყანაში არალეგალურად მყოფი, კრიმინალური წარსულის მქონდე იმიგრანტები იქნებიან".
ჩიკაგოს შემდეგ, სადაც 2022 წლის აგვისტოდან ქალაქში ჯამში 51 ათასზე მეტი იმიგრანტი შემოვიდა, რეიდები შეიძლება გაიმართოს ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, დენვერსა და მაიამიშიც.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი უკანონო მიგრანტებთან ბრძოლაა და რომ, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე მასშტაბური დეპორტაციას ჩაატარებდა.
Reuters-ის თხოვნაზე, გაეკეთებინათ კომენტარი, ტრამპის გუნდს არ უპასუხია. თუმცა, წყარომ, რომელიც ფლობს ინფორმაციას მომავალი ადმინისტრაციის გეგმებთან დაკავიშრებით, თქვა, რომ ICE სამართალდამცავ ღონისძიებებს ქვეყნის მასშტაბით ჩაატარებს და ჩიკაგო განსაკუთრებული ყურადღების ობიექტი არ იქნება.
"ჩვენ ვაწარმოებთ ოპერაციებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, თქვენ ნახავთ დაკავებებს ნიუ-იორკში, მაიამიში"- თქვა წყარომ.
გამოცემის ინფორმაციით, ტრამპის სასაზღვრო კონტროლის მომავალმა წარმომადგენელმა, ტომ ჰომანმა, ჩიკაგოში გამართულ ღონისძიებაზე აღნისნა, რომ ადმინისტრაცია ოპერაციებს "სწორედ ჩიკაგოში, ილინოისში დაიწყებს [...] თუკი ჩიკაგოს მერი არ მოისურვებს დახმარებას, მას შეუძლია განზე გადგეს, მაგრამ თუ ის ხელს შეგვიშლის, თუ შეგნებულად დამალავს უკანონო მიგრანტს, მე მას სასამართლოში ვუჩივლებ" - თქვა ჰომანმა.
წყარო: tabula.ge