BRICS-ის სამიტი, რომელიც 22 ოქტომბერს ყაზანში გაიხსნა, რუსეთისთვის ყველაზე წარმომადგენლობითი საერთაშორისო ღონისძიებაა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.

ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური წერს.

სტუმრებს შორის არა მხოლოდ ბლოკში მონაწილე ქვეყნების, არამედ იმ სახელმწიფოების ლიდერებიც არიან, რომლებიც ჯერ კიდევ განიხილავენ მასში გაწევრიანების შესაძლებლობას. სამიტს თვით გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეშიც კი დაესწრო, რის გამოც მას უკრაინაში უკვე აკრიტიკებენ.

დასავლური პრესის პირველი შეფასებებით, რუსეთმა მოახერხა, აშშ-სთვის და ევროპულ ქვეყნებისთვის ეჩვენებინა, რომ მათ მოსკოვის იზოლირება არ შეუძლიათ.

2023 წელს, იოჰანესბურგში BRICS-ის წინა სამიტს პუტინი ვერ დაესწრო და მხოლოდ ვიდეოჩართვით შემოიფარგლა, რადგან იმ პერიოდში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მისი დაკავების ორდერი გასცა. ამდენად, BBC-ის შეფასებით, პუტინისთვის ყაზანის სამიტი არის შესაძლებლობა, აჩვენოს როგორც დასავლეთს, ასევე რუსებს, რომ ის დანარჩენი სამყაროსგან განდევნილი და იზოლირებული არ არის.

BRICS (Brazil, Russia, India, China, South Africa-BRIC) სწრაფადგანვითარებადი ხუთი ქვეყნის, ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორისი გაერთიანებაა. 2022 წელს გამართულ BRICS-ის XIV სამიტზე ბლოკი გაფართოებული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი, რომელსაც „BRICS+“ ეწოდა. კერძოდ, ბლოკს შეუერთდნენ ირანი, ეგვიპტე, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ეთიოპია, ხოლო თურქეთმა და აზერბაიჯანმა მოგვიანებით BRICS-ში წევრობის განაცხადი წარადგინეს.

რას ნიშნავს BRICS-ში წევრობა, რა მიზნები აქვს გაერთიანებას და როგორია მისი წილი გლობალურ ვაჭრობაში?!

მაგალითად, BRICS თავისი სავალუტო რეზერვების შექმნას გეგმავს, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შემცვლელად განიხილავს. მასში წევრი ქვეყნების მიერ სახსრების ინექციის სტრუქტურა ასეთია:

  • ჩინეთი - 21 მლრდ დოლარი
  • რუსეთი - 38 მლრდ
  • ბრაზილია - 18 მლრდ
  • ინდოეთი - 18 მლრდ
  • სამხრეთ აფრიკა - 5 მლრდ

ამასთან, 2014 წლის ივლისში გაფორმდა ხელშეკრულება BRICS-ის ქვეყნების ახალი განვითარების ბანკის შექმნის შესახებ, რომელიც მსოფლიო ბანკის შემცვლელი უნდა გახდეს. 2015 წლის ივლისში ხელშეკრულება ძალაში შევიდა. BRICS-ის ბანკის მაქსიმალური კაპიტალი 100 მლრდ დოლარს შეადგენს

ასევე, 2015 წლის 17 ივნისს BRICS-ის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებმა SWIFT-ის ანალოგის შექმნის შესახებ დაიწყეს კონსულტაციები. 2019 წლის მარტში გადახდის საკუთარი სისტემის, BRICS Pay-ის შექმნა დაანონსდა, რომელიც ხუთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე იმუშავებს.

2023 წლის 30 მაისს BRICS-ის ბანკის პრეზიდენტ დილმა რუსეფმა შესაძლო გაფართოება დააანონსა. კერძოდ, Financial Times-ის ცნობით, საუდის არაბეთი ბანკში გაწევრიანებას განიხილავს, რაც ამ საკრედიტო ინსტიტუტის ფინანსურ შესაძლებლობებს გაზრდის. რუსეთმა მაშინ, ასევე, განაცხადა, რომ ბანკი მეტ პროექტს ადგილობრივ ვალუტაში დააფინანსებს, რათა შიდა ბაზრები გააძლიეროს, თავისი მსესხებლები ვალუტის რყევებისგან, რისკებისგან დაიცვას და საერთაშორისო ბანკების უარყოფითი გავლენა შეამციროს, რომლებშიც დასავლეთი ქვეყნები დომინირებს.

ასევე, 2023 წლისთვის BRICS საკუთარი (მსოფლიო) ვალუტის შემოღების საკითხს განიხილავდა. კერძოდ, ბრაზილიის პრეზიდენტ ლულა და სილვამ წევრ ქვეყნებს BRICS-ის საერთო ვალუტის შექმნისკენ მოუწოდა, რომ დოლარის რყევების მიმართ დაუცველობა შეამცირონ.

BRICS-ის ქვეყნებზე მსოფლიო მოსახლეობის, თითქმის, ნახევარი, მისი ტერიტორიის მესამედი და მსოფლიო ვაჭრობის მეოთხედი მოდის. BRICS-ის ქვეყნები, მსყიდველუნარიანობის პარიტეტის თვალსაზრისით, გლობალური მშპ-ს 35%-ს უზრუნველყოფენ.

ბუნებრივი რესურსების გლობალურ ბაზარზე წევრ ქვეყნებზე ნავთობის მსოფლიო წარმოების 40%-ზე მეტი და ნედლეულის მსოფლიო ექსპორტის, დაახლოებით, 25% მოდის. ასევე, BRICS-ის ქვეყნებში, კერძოდ, ბრაზილიაში, რუსეთში, ჩინეთში, ინდოეთში, ირანსა და სამხრეთ აფრიკაში რკინის მადნის მსოფლიო მარაგის, დაახლოებით, 30%-ია.

ბოლო ოცი წლის განმავლობაში BRICS-ის ცხრა ქვეყნის ორმხრივი ექსპორტი 10-ჯერ, ანუ 2004 წლის 91 მლრდ დოლარიდან 2023 წელს 919 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. ამასთან, 2004 წელს BRICS-ის წევრების ექსპორტის მხოლოდ 9% მიეწოდებოდა ბლოკის ქვეყნების ბაზრებს, ხოლო 2023 წლისთვის წილი გაორმაგდა და 18% შეადგინა.

BRICS-ის შიდა ვაჭრობაში უმსხვილესი ეკონომიკის, ჩინეთის წილი ამჟამად მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 42%-ს, ხოლო ეთიოპიის წილი მხოლოდ 0,44%-ს შეადგენს. რუსეთის წილი 17%, ინდოეთის 15%, ბრაზილიის 10%, არაბთა გაერთიანებული საემიროების 8%, ხოლო სამხრეთ აფრიკის წილი 3%-ია. ეგვიპტე-ირანის წილები სათითაოდ 2%-ია. მთლიანობაში BRICS-ის შიდა სავაჭრო ბრუნვამ 2023 წელს 1,983 მლრდ დოლარი შეადგინა.

bpn.ge