პატიმრობიდან გაათავისუფლეს რუსული წარმომავლობის ამერიკელი ბალერინა, ქსენია კარელინა, რომელიც რუსეთში „სამშობლოს ღალატის“ ბრალდებით დააკავეს და თითქმის ერთი წლის განმავლობაში ციხეში იხდიდა სასჯელს. მოსკოვმა ის უკრაინის ერთ-ერთი ორგანიზაციის ანგარიშზე 30 ევროზე ოდნავ მეტი თანხის გადარიცხვისთვის დასაჯა.
„ამერიკელი ქსენია კარელინას თვითმფრინავი აშშ-ში ბრუნდება. ერთ წელზე მეტი ხნის წინ ის უსამართლოდ დააპატიმრეს და პრეზიდენტმა ტრამპმა მისი გათავისუფლება შეძლო“, - დაწერა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სოციალურ ქსელ „იქსზე“ (ყოფილი „ტვიტერი“).
კარელინას რუსი ადვოკატის თქმით, ბალერინას გათავისუფლება ხუთშაბათს, 10 აპრილს, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში პატიმართა გაცვლის ფარგლებში მოხდა.
„დიახ, ქსენია კარელინა რამდენიმე საათის წინ გაცვალეს (...) და აბუ დაბი მან უკვე დატოვა“, - განუცხადა ადვოკატმა მიხაილ მუშაილოვმა სააგენტო „ფრანს პრესს“.
ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბალერინა „სამშობლოს ღალატის“ ბრალდებით დააკავეს და 2024 წელს რუსულმა სასამართლომ მას 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა, რადგან 36 ევრო შესწირა საქველმოქმედო ასოციაციას, რომელიც უკრაინას უჭერს მხარს. ასე რომ, ქსენია კარელინა თავის სახლში რუსეთის ციხეში ერთწლიანი ყოფნის შემდეგ დაბრუნდა.
34 წლის მოცეკვავე ეკატერინბურგში გასული წლის თებერვალში დააკავეს, მან დანაშაული აგვისტოში აღიარა და 12 წლით დააპატიმრეს. რუსეთში დაბადებული ბალერინა შეერთებულ შტატებში 2012 წელს გადავიდა და 2021 წელს ამერიკის მოქალაქეობა მიიღო.
მას შემდეგ კარელინა ლოს ანჯელესში ცხოვრობდა, 2024 წლის დასაწყისში ის რუსეთში ოჯახის სანახავად დაბრუნდა, მაგრამ რუსეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა და უკრაინის ორგანიზაციებისთვის ფულის აქტიურ შეწირვაში დაადანაშაულა, რაც მოსკოვმა „სამშობლოს ღალატად“ შეაფასა.
„უოლ სტრიტ ჯორნალის“ ცნობით, კარელინას გათავისუფლების სანაცვლოდ, რუსეთმა არტურ პეტროვის გათავისუფლება მოითხოვა, რომელსაც გერმანიისა და რუსეთის მოქალაქეობა აქვს, 2023 წელს დააპატიმრეს და ამერიკის სასამართლომ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევაში, კერძოდ კი სამხედრო დანიშნულების ელექტრონული კომპონენტების რუსეთში ექსპორტში დაადანაშაულა.
წყარო: 1 არხი